პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების მოტყუება უნდა იყოს დღეს განხილვის მთავარი თემა და არა პიკეტირება და შემდეგ ამ აქციის დაშლა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მედიას განუცხადა, რითაც ბოლო პერიოდში პარლამენტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ამასთან, ლევან კობერიძის თქმით, მისთვის მიუღებელია აქციების მსგავსი ფორმით დაშლა.
დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემებია და "არ უნდა მოხდეს აქცენტების უნებლიედ გადაფარვა".
"ვთვლი, რომ კვლავ აქტუალურია თემა, რომელიც დაიკარგა, მეუფე იაკობის განცხადება, არის ერთ-ერთი მწვავე თემა, რაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და მივიწყებულია. ვთვლი, რომ თემა, რომელზეც „ქართული ოცნება" გულზე მჯიღს ირტყამდა, რომ ჩვენი ინიციატივაა პროპორციული არჩევნებიო, საზოგადოების მოტყუება უნდა იყოს განხილვის მთავარი თემა დღეს და არა პიკეტირება და შემდეგ ამ აქციის დაშლა. რა თქმა უნდა, ჩემთვის არანაირად არ არის მისაღები, რომ მსგავსი ფორმით ხდება დაშლა - ძალადობის რეალურ სცენებს ვუყურებ. ყველაზე ცუდია, რომ გახარიამ და მთავრობამ მოახერხა ის, რომ 20 ივნისს ჩვენი შვილების, ახალგაზრდების სისხლი დაიღვარა პარლამენტის წინ. მგონია, რომ საზოგადოებამ ამაზე უნდა იმსჯელოს და დაფიქრდეს. პასუხისმგებლობაზე თუ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ეს არის მათი პასუხისმგებლობა",-განაცხადა კობერიძემ.
ipn.ge