მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.
„დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე დავარქმევდი. საბჭოს შემადგენლობაში შეხვედრები, პრაქტიკულად, შეხვედრებისთვის ტარდება. პრობლემები აქვს შექმნილი ძალიან ბევრ ექიმს და ექთანს ხელფასების ანაზღაურების და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით და ეს ტენდენცია იქნება მზარდი. რაც ყველაზე მთავარია, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება. ყველას ჯვარი წერია და თქვენ ჩემს კოლეგებს ხშირად მოგიმართავთ, სხვადასხვა თხოვნით, თქვენი ამომრჩევლის ან ახლობლების, კლინიკაში გულსისხლძარღვთა დაავადებასთან, გადამისამართებასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ სწორედ იმ კლინიკებს ექმნება პრობლემები, რომელშიც არის ხარისხი და თქვენ რომ დაგჭირდეთ რაიმე სწორედ, იმ კლინიკებს მიაკითხავთ. ბევრი რამ არის ასახსნელი. 520-ე დადგენილება არც რეფორმაა, რომლის გასაღების მცდელობაცაა, ფასწარმოქმნაც კი არ არის. ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, სამედიცინო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის აზრით, ეს არის ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯი მიმართული თითქოსდა ბიუჯეტის შემცირებისაკენ, მაგრამ იმ 300 მილიონ ლარზე მეტის დავალიანება არსად არ მიდის კლინიკებთან. ეს ჩვენი მოქალაქეებისათვის მხოლოდ და მხოლოდ პრობლემაში გადაიზრდება“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.
IPN