საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის (EASPG) თავმჯდომარედ ოთხი წლით ერთხმად აირჩიეს. EASPG-ის ვიცე თავმჯდომარეები საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის წარმომადგენლები გახდნენ.
საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის წლევანდელი შეხვედრა პარიზში, ICAO - ს რეგიონულ ოფისში სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში 40 სახელმწიფოს 95 დელეგატი იღებდა მონაწილეობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქაერონავიგაციის დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილი და საჰაერო სივრცის დიზაინის და ორგანიზების განყოფილების უფროსი ევგენი თავაძე.
აღნიშნულ შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებთან ერთად იმსჯელეს გარემოზე ავიაციის ზეგავლენაზე და კლიმატის ცვლილებებზე, ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ინოვაციების დანერგვის საჭიროებებზე საავიაციო სფეროში.