საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.
როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, საქმის გამოძიებაზე კითხვები არ აქვს, თუმცა მისი თქმით, მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ ინფორმაცია მიიღონ და წარმოდგენა შეექმნათ, აღნიშნულ საქმეზე.
„ამ საკითხზე კითხვები არ მაქვს, რადგან პარლამენტის დახურულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია მოვისმინე. სამწუხაროდ, სუს-ი ამ ინფორმაციას საზოგადოებას არ აწვდის და ვფიქრობ, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, რადგან ამით არაფერი დაშავდება და ადამიანებს დამოკიდებულება შეექმნებათ, ამა თუ იმ საკითხის მიმართ. კითხვა მაშინაც დავსვი, რომ თუ მე მაჩვენებ, ისეთი დოზით მოქალაქეს რატომ არ აჩვენებ, რისი უფლებაც აქვს? საზოგადოებისთვის შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც არც გამოძიებას დააზიანებს, არც ტერორიზმთან ბრძოლას შეამცირებს, მაგრამ სახელმწიფოებრივ ინტერესს უფრო მეტად გააძლიერებს და საზოგადოებასაც დააწყნარებს, თუ ვინმე ამ საკითხზე შფოთავს. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა, როცა საქმე აქამდე მიიყვანა“, – აღნიშნავს გოგიჩაიშვილი.
დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნულ საქმეზე არასერიოზული დამოკიდებულებით საკუთარი თავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა.
„პირადად მე, ყოველთვის მხარს დავუჭერ ისეთ პროცედურას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფრო მეტ ინფორმირებულობას მოახდენს და მეტად მოჰფენს ნათელს, ამა თუ იმ საკითხს“, – დასძინა გოგიჩაიშვილმა.
1tv.ge