ჩვენს ქვეყანაში ყალიბდება ახალი კატეგორია - ფერმერების. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული გეგმები, აქვთ კონკრეტული მიზნები და ამ მიზნების განხორციელებაში უნდა დაეხმაროს მათ სახელმწიფო, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ის პირობები, რაც დღეს არის წარმოდგენილი, დახმარების პაკეტი უკავშირდება ზუსტად ფერმერულ მეურნეობებს, იმ ადამიანებს, რომლებიც რეგისტრირებულ მიწას ლეგალურად ფლობენ და სასოფლო სამეურნეო საქმიანობის სურვილი აქვთ.
„ეს არის პირდაპირი დახმარება იმისთვის, რომ მათი წარმოება იყოს უფრო ადვილი, გაუიაფდეთ თავიანთი წარმოებული პროდუქცია, უფრო ხელმისაწვდომი იყოს მათთვის სხვადასხვა მასალა, რომელიც სოფლის მეურნეობის წარმოებაში გამოიყენება და ეს არის ფინანსური შეღავათი, რომელსაც, ფაქტობრივად, ყველა განვითარებული ქვეყანა სხვადასხვა ფორმით მიმართავს.
ჩვენ ეს ინსტრუმენტი წლიდან წლამდე დავხვეწეთ, ამაზე გარკვეული პილოტირებაც გვქონდა, აღსრულების ნაწილში ძალიან ბევრი დეტალი გვაქვს შესწავლილი, იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს ამ ინსტრუმენტის გამოყენება ჩვენი ფერმერებისთვის. ფერმერებს აგრო ბარათები დაურიგდებათ და ისინი ამ სერვისების სწრაფად მიღებას შეძლებენ. ის ადამიანები, რომლებიც უკვე ფლობენ „ლიბერთი ბანკის“ ბარათს, მყისიერად შეძლებენ სერვისით სარგებლობას, ხოლო ფერმერები, რომლებსაც ასეთი ბარათი არ გააჩნიათ, ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ ბარათს რეგისტრირებული მიწის ფლობის შემთხვევაში. ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ფერმერები რეგისტრირებული იყვნენ ჩვენს სამინისტროში ფერმერთა სპეციალურ რეესტრში. ფერმერი უნდა იყოს ჩვენი სამინისტროს პარტნიორი იმისთვის, რომ მომავალ წელსაც განვიხილოთ მისი დახმარება და ვიცოდეთ, რა უჭირს ფერმერს, სად უჭირს რომ მივეხმაროთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
1tv.ge