გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან, ლუიზა ვინტონთან, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს სოფლის განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.
ლუიზა ვინტონმა სამინისტროსთან თანამშრომლობას სანიმუშო უწოდა, აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სოფლის განვითარების და გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით სწორი ხედვა გააჩნია და გაეროს განვითარების პროგრამის სახელით აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო მხარდაჭერის მზაობა დაადასტურა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, დაცული ტერიტორიების განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, ჰაერის დაბინძურების შემცირების, ნარჩენების მართვისა და სოფლის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.