მსოფლიოში სათამაშოების ნომერ პირველი კომპანია Lego წლის ბოლოს თავის 20 000-მდე თანამშრომელს დამატებით დასვენების სამ დღესა და განსაკუთრებულ ბონუსს სთავაზაობს. დანიური კომპანიის განცხადებას გამოცემა Capital ავრცელებს.
„მფლობელ ოჯახს სურს, მადლობა გადაუხადოს ყველა კოლეგას 2021 წლის ბოლოს სამი დამატებითი დასვენების დღის მინიჭების სახით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
Capital-ის შეფასებით, Lego-ს ბიზნესი, რომლის სათამაშოებიც უკვე მოდაშია, პანდემიისა და სახლში გატარებული დროის გამო, ასევე, ჩინეთში სწრაფი პროგრესის შედეგად მეტად გაიზარდა. საოჯახო ჯგუფმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 6,3 მლრდ კრონზე (847 მლნ ევროზე) მეტი სუფთა მოგება დააფიქსირა, ხოლო ბრუნვა 46%-ით, 23 მლრდ კრონამდე გაიზარდა.
„2021 წელი Lego Group-ისთვის არაჩვეულებრივი წელი იყო და ჩვენმა კოლეგებმა წარმოუდგენლად ბევრი იმუშავეს,“ - აღნიშნავს კომპანია, რომელიც დამატებითი პრემიის გადახდას ამორჩევით კი არა, არამედ ყველა თანამშრომლისთვის 2022 წლის აპრილში გეგმავს.
Lego 1932 წელს კირკ კრისტიანსენმა დააარსა, რომლის ოჯახიც ჯგუფს დღემდე აკონტროლებს. კომპანიის სახელი დანიურად „კარგად ითამაშეს“ შემოკლებული ვარიანტია (Leg godt). Lego-ში, დაახლოებით, 20 400 ადამიანი 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დასაქმებული. 2020 წელს სათამაშოების გიგანტს რეკორდული შემოსავალი კორონაპანდემიის შეზღუდვების წყალობით ჰქონდა. მაშინ ე.წ. პლასტმასის აგურების ცნობილმა მწარმოებელმა, რომელიც საფონდო ბირჟაზე არ არის კოტირებული, მოგება 19%-ით გაზარდა და 9,9 მლრდ კრონი (1,3 მილრდ ევრო) დააფიქსირა, რაც მის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2017 წლის ვრცელი რესტრუქტურიზაციის შემდეგ, ჯგუფმა მულტიმედიური ცვლილებები მდგრადობაზე გადასვლასთან ერთად დაიწყო.
„თავისი თითქმის უმსხვრევი და მრავალჯერადი გამოყენების კუბიკებით, Lego ხანგრძლივობის სინონიმია, რომელიც გვპირდება, რომ მისი წარმოების უმეტესი ნაწილი 2030 წლისთვის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა მასალით იქნება უზრუნველყოფილი,“ - წერს Capital.
ამასთან, სათამაშოების მწარმოებელი 2022 წლისთვის, თავის წარმოებაში ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად, ფართო გეგმით ხელმძღვანელობს. კერძოდ, კომპანია პლასტმასის ჩანთებს ეტაპობრივად გვერდს უვლის და მას გადამუშავებადი ქაღალდის ჩანთებით ცვლის.
bpn.ge