მარტში სოციალური ქსელებში შემაშფოთებელი ამბავი გამოქვეყნდა, საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის 13 ახალგაზრდა თანამშრომელი ნერვიული აშლილობის ზღვარზე აღმოჩნდა. წლის დასაწყისიდან ისინი კვირაში 98 საათს მუშაობდნენ და დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათი ეძინათ.
„რაღაც მომენტში მე უკვე არაფერს ვჭამდი, შხაპს არ ვიღებდი, არ მეძინა, მუშაობის გარდა არაფერს ვაკეთებდი“ - იხსენებს ერთ-ერთი თანამშრომელი.
„მე ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი, მაგრამ Goldman Sachs უარესია. ეს არაადამიანურია და მე ბნელი აზრები ხშირად მიჩნდება“ - ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული.
„კოვიდის გამო ბანკის თანამშრომლებს სამუშაო მოემატათ“ - ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი დენიელ იბანეზი. მისი თქმით, კრიზისის დროს ბანკებმა, მათ შორის Goldman Sachs-მა თანამშრომლების აყვანა შეაჩერეს და ახალგაზრდა სპეციალისტებისგან მეტის მოთხოვნა დაიწყეს, თანაც იგივე ხელფასზე.
„გამოცდილი ფინანსისტი სახლშია ჩაკეტილი. არავითარი მივლინებები, არავითარი ოფისი, რა უნდა აკეთოს მან თავისუფალ დროს? ჩაატაროს შეხვედრები Zoom-ში და კლიენტებს ახალი გარიგებები შესთავაზოს. ქვეშემდგომები კი, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ, მუდმივ კავშირზე უნდა იყვნენ უფროსთან ან კლიენტისგან დამატებითი დავალებების მოლოდინში. ეს კი ნიშნავს მუდმივ ზეგანაკვეთურ მუშაობას, თანაც დამატებითი ანაზღაურების გარეშე“, - აღნიშნავს პროფესორი.
ვითარებას ისიც ართულებს, რომ შეწყდა წვეულებები, სადაც ტოპ-მენეჯერები დროს რიგითებთან ერთად ატარებდნენ და სადაც ახალგაზრდა თანამშრომლებს შორის მეგობრობა ყალიბდებოდა.
პენსილავანიას უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდა მიშელი იხსენებს თავად როგორც მუშაობდა Goldman Sachs-ში.
„თავიდან, როდესაც თქვენ კვირაში 100 საათი მუშაობთ, ფიქრობთ, რომ ფინანსურ ელიტას უერთდებით. ძალიან ბევრ ჭკვიან ადამიანს ხვდებით, მათგან ძალიან ბევრს სწავლობთ, თუმცა, 4 წლის შემდეგ თქვენი განწყობები რადიკალური იცვლება, ხოლო 6 წლის შემდეგ ძალებიც გეცლებათ, თქვენი კრეატიულობა უკვალოდ ქრება“ - იხსენებს ის.
საინვესტიციო ბანკის ყოფილი თანამშრომლის თქმით, გადაღლილ ახალგაზრდა ბანკირებს ერთი და იგივე სიმპტომები აწუხებთ: წონის მატება, დეპრესია, უძილობა.
პანდემიის თაობის რისხვის წინაშე აღმოჩენილი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები თანამშრომელთა მუშაობის რეჟიმის შემსუბუქების ინიციატივებით გამოდიან.
Goldman Sachs-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ სოლომონმა განაცხადა, რომ დაამტკიცებს შაბათს უპირობო დასვენების დღედ, როდესაც თანამშრომელთა შეწუხება აკრძალული იქნება. გარდა ამისა, ბანკი ყველაზე გადატვირთული განყოფილებებისთვის ახალ თანამშრომლებს აიყვანს.
საინვესტიციო ფონდი Apollo ყველაზე გულუხვი აღმოჩნდა, მენეჯმენტმა თანამშრომლებს 100-და 200 ათას დოლარამდე შესთავაზა 2022 სექტემბრამდე გარანტირებული მუშაობის სანაცვლოდ.
Dartmouth Partners-ის სპეციალისტი საკადრო საკითხებში ალექს კროფტი პროგნოზირებს მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებიდან კადრების გადინების ზრდას და შესაბამისად, ვალებში ჩაფლული სტუდენტების ახალი თაობის გამოჩენას, რომელიც მათ ჩაანაცვლებს.
„საშუალო რგოლის თანამშრომელთა მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ თამაშის წესებს გადამხდელი ანუ კლიენტი განსაზღვრავს. თუ კლიენტს თქვენთან შუაღამეს გასაუბრება სურს, ის ასეც მოიქცევა. გარდა ამისა, ბანკირებს „ბაზრის ერთდროულობის“ სჯერათ, მათ სურთ მუდმივ ჰარმონიაში ყოფნა ნიუ-იორკთან, პარიზთან და ჰონკონგთან, დროში განსხვავების მიუხედავად და ახალგაზრდა თანამშრომლებმა ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა იცხოვრონ“ - მიიჩნევს კროფტი.
იბანეზის აზრით, ტოპ-მენეჯერებმა მიდგომა უნდა შეცვალონ და ქვეშემდგომებს უფრო ჰუმანურად მოექცნენ. როგორც ჩანს, ამას მიხვდნენ Citigroup-ში, სადაც პარასკევობით თანამშრომლებს შორის საუბრები Zoom-ში აიკრძალა, Barclays -ში კი „დაცული შაბათები შემოაქვთ.
lemonde.fr
თენგიზ აბლოთია