ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.
საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.
უცხოელ ტურისტებს ერთადერთი ვალდებულება საბერძნეთში ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე პსრ-ტესტის ჩაიტარება და შესაბამისი ცნობის წარადგენა დარჩა.
საბერძნეთის 227 ტურისტული კუნძულის მოსახლეობა მასობრივ ვაქცინაციას გადის. კეიას მოსახლეობა ამბობს, რომ სულ მალე კუნძული კოვიდისგან თავისუფალი იქნება. კუნძულის გუბერნატორის ირინი ველისაპოროლუს თქმით, საყოველთაო ვაქცინაცია მაისის ბოლოსთვის დასრულდება.
მასობრივი იმუნიზაცია საბერძნეთის ტურისტული ინდუსტრიის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ტურიზმზე ქვეყნის მშპ-ს 22% მოდის , ეს საბერძნეთის ეკონომიკის მეორე საყრდენია სავაჭრო ნაოსნობის შემდეგ. ამ დარგში მუშაობს ყოველი მეხუთე დასაქმებული ბერძენი და ბოლო 2 წლის მანძილზე ეს სტრატეგიული სექტორი თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაშია.
ამიტომაც, საბერძნეთი ამ სეზონზე ტურისტების მოზიდვას ყველანაირად ცდილობს.
იტალია მთელ 2020 წელს ტურისტებს აშინებდა, მაგრამ დღეს ისიც იხსნება. თითქმის მთელი ქვეყანა დღეს ყვითელ, ანუ ნაკლებად რისკიან ზონაში იმყოფება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი 15 მაისიდან ტურისტებს კვლავ ეპატიჟება.
აქაც ერთადერთი პირობაა უცხოელ ტურისტს ვაქცინაციის, ან პსრ-ტესტის, ან ანტისხეულების დადებითი ტესტის სერტიფიკატის წარდგენა მოუწევს. პარალელურად 5დღიანი სავალდებულო კარანტინი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის გაუქმდა.
ისევე, როგორც ათენმა, რომმაც „კოვიდ-თავისუფალი“ რეგიონების ქსელს მასობრივი ვაქცინაციის გზით ქმნის. ნეაპოლთან ახლოს მდებარე კუნძულის პროჩიდაზე ვაქცინაცია მოსახლეობის 90%-მა გაიარა, ამჟამად პროცესი დასასრულს ცნობილ კუნძულ კაპრიზე უახლოვდება.
იტალია ამერიკელი ტურისტების მოზიდვას ცდილობს და ამისთვის„კოვიდსგან თავისუფალი ავიარეისები“ დაინიშნა. ეკიპაჟის ყველა წევრი და ყველა მგზავრი თვითმფრინავში ჩასხდომამდე და გამოსავლამდე ტესტირებას გადის.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციის გზით ტურისტული ინდუსტრიის აღორძინებას ცდილობს ესპანეთია. 2020 წელს ვიზიტორთა რაოდენობა ქვეყანაში 2019 წელთან შედარებით 79%-ით შემცირდა. ეს ტურისტული ინდუსტრიისთვის ნამდვილ კოშმარს ნიშნავს.
„ჩვენ არ გვაქვს 2020 წლის ზაფხულის განმეორების ფუფუნება. ტურიზმი უნდა აღდგეს, თუმცა ის ჯანმრთელი და უსაფრთხო უნდა იყოს“ - მიიჩნევს ესპანეთის სახელმწიფო მინისტრი ტურიზმის საკითხებში ფერნანდო ვალდესი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის თქმით, 18 აგვისტოს ვაქცინირებას ესპანეთის მოსახლეობის 70% გაივლის. მთავრობის მიზანია - 2019 წელთან ტურისტული სექტორის ვარდნის 50%-დე შემცირება. სრულფასოვან აღდგენაზე და ზრდაზე ჯერ არავინ ფიქრობს - პირველი რიგის ამოცანაა დანაკარგების მინიმიზება.
ესპანეთშიც აქცენტი ასევე კუნძულებზე კეთდება. ბალეარის და კანარის კუნძულებზე ტესტირება ვაქცინაციის ზრდასთან ერთად გამკაცრდა.
წყარო:Le Monde