როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთში საპარლამენტო არჩევნებში ისევ პუტინის პარტია, „ერთიანი რუსეთი“ იმარჯვეს. სიურპრიზი არ შედგა. თუმცა. მას არც არავინ ელოდა - პუტინის სამეფოში მოულოდნელობები არ ხდება.
ვლადიმერ პუტინის მაღალი პიროვნული ავტორიტეტის მიუხედავად, მისი პარტიის რეიტინგი 30%-ზე ნაკლებია, მაგრამ, ეს მას მომდევნო 5 წლის მანძილზე ქვეყნის გაკონტროლებაში ხელს არ შეუშლის.
ეს ცხადი გახდა არჩევნების დროს. რომლების 3 დღე გრძელდებოდა და რომლის დროსაც რუსეთის მოქალაქეებმა სახელმწიფო სათათბირო და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები აირჩიეს.
პირველადი შედეგების თანახმად, „ერთიანმა რუსეთმა“ 43,3% მიიღო - სავარაუდოდ, საბოლოო შედეგები, რომლებიც რამდენიმე დღეში გამოცხადდება, ამ სურათისგან შორს არ იქნება. ერთი შეხედვით, ეს მაღალი პროცენტი არაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს მხოლოდ პარტიული სიების შედეგებია, ხოლო მაჟორიტარულ ოლქებში სახელისუფლებო პარტია ყოველთვის ტოტალურად იგებს, პვტინისთვის სანერვიულო არაფერია.
წინასაარჩევნო კამპანია ძალიან მდორედ მიმდინარეობდა, რადგან რეალურ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ მიეცა - კრემლმა არჩევნებში მონაწილე სუბიექტები და კანდიდატები საგულდაგულოდ გაფილტრა, რის გამოც მცირე ინტრიგაც კი გაქრა.
შესაბამისად, რუსებმა არჩევნებში მონაწილეობის კუთხით დიდი აქტიურობა არ გამოიჩინეს - ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე დასწრებამ მხოლოდ 40% შეადგინა და ეს მაშინ, როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ეს მაჩვენებელი 47%-ს შეადგენდა.
თუმცა, სიახლეც იყო - პირველად რუსეთში ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა, რომელზეც, მაგალითად მოსკოვში, 7 მლნ ამომრჩევლიდან 2 მლნ დარეგისტრირდა და მათგან არჩევნებში მონაწილეობა თითქმის 90%-მა მიიღო, მათ შორის თავად პუტინმა.
ამომრჩეველთა ხმებს მოძრაობა „ხმა“ პარალელურად ითვლის. ეს ორგანიზაცია კრემლმა „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადა. „ხმაში“ მიიჩნევენ, რომ გაყალბების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და რაც მთავარია უკონტროლო საშუალება ამ დღეებში სწორედ ხმის ელექტრონული მიცემა იყო. კერძოდ, ორგანიზაციამ ამ სისტემაში საარჩევნო თაღლითობის 4000 შემთხვევა აღმოაჩინა. სინამდვილეში რამდენი იყო - არავინ იცის.
ამ დღეებში სოცქსელები ვიდეოჩანაწერმა დაიპყრო, სადაც აღბეჭდილია ბიულეტენების ჩაგდების და „კარუსელების“ მრავალი შემთხვევა. მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისინი „ფეიკად“ გამოაცხადა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ კვირის შუადღის მონაცემებით თითქმის არავითარი დარღვევები არ გამოვლინდა - 6 რეგიონში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მხოლოდ 8 შემთხვევაში დაფიქსირდა.
ასევე უპრეცედენტო გახდა Google-ის და Apple-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლებმაც კრემლის დაჟინებული მოთხოვნით დაბლოკეს ციხეში მჯდომი მთავარი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საიტი, რომელზეც ჩაშენებული იყო აპლიკაცია „ჭკვიანი ხმა“ - ეს პროგრამა რიგითი მოქალაქეებს არჩევნებზე დაკვირვების საშუალებას აძლევდა - სწორედ ამიტომ გახდა ის კრემლისთვის ასეთი არასასურველი.