კოვიდ-19 ისტორიის სახელმძღვანელოებში ჯერ არ შესულა, თუმცა, როგორც ჩანს, ევროპაში პანდემიის დასასრული უკვე დაიწყო. გამონაკლისი არც საფრანგეთია, სადაც მდგომარეობა თითქის ისეთივეა, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში.
ამაზე ყველა ინდიკატორი მეტყველებს, ყოველდღიური ჰოსპიტალიზაციის და რეანიმაციაში მოთავსების, ასევე დაინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები მკვეთრად შემცირებულია.
„პანდემია უკან მოსალოდნელზე სწრაფად იხევს, დაგეგმილ ვადებს რეალური მდგომარეობა 2 კვირით უსწრებს“ - მიიჩნევს პასტერის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგი სიმონ კოშემეზი.
„ძნელი სათქმელია ეს წინსვლა კონკრეტულად რომელმა ფაქტორებმა დააჩქარა. ამის ზუსტ დადგენას რამდენიმე თვე დასჭირდება. სავარაუდოდ, კერძოდ, საფრანგეთში კარანტინის 3-მა კვირამ და ლოკდაუნმა მოსალოდნელზე უკეთესად იმუშავა. ისე კი, ბოლო 10 დღის მანძილზე დაინფიცირების კლების დინამიკა ცოტათი შენელდა და ეს, რა თქმა უნდა, სასწავლო დაწესებულების გახსნითაა გამოწვეული“, - მიიჩნევს ის.
თუ რესტორნების გახსნამ დაინფიცირების მკვეთრი ზრდა არ გამოიწვია, სავარაუდოდ, ზაფხული შედარებით მშვიდი იქნება, თუ პირიქით, მაშინ ჯანდაცვის სისტემა ისევ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, ამიტომაც, სიფრთხილე მაინც საჭიროა.
პანდემიის შესუსტებაში გარკვეულ როლს ვაქცინაციაც თამაშობს, თუმცა, არა ისეთ დიდს, როგორც ბევრს წარმოუდგენია.
„ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის საჭიროა მოსახლეობის 90%-ს აცრა. ევროპის ქვეყნებში კი უკეთეს შემთხვევაში ვაქცინირებულია 30-40%. თუ იქნება ვირუსის ძლიერი ახალი შემოტევა, ისეთი, როგორიც 2021 წლის იანვარში იყო, ეს საკმარისი არ იქნება. სავარაუდოდ, მეოთხე ტალღა არ იქნება საყოველთაო, როგორ პირველი სამი, შესაძლოა დაინფიცირება ლოკალურად, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში გაიზარდოს, ამ რეგიონებში, სადაც აცრილთა ყველაზე ნაკლები რაოდენობაა“, - თვლის კოშემეზი.
დიდი მნიშვნელობა ასევე ისეთ ფაქტორს აქვს, როგორიცაა ამინდი. რისკების შემფასებელი კომპანიის PredictServices-ის დასკვნით, ვირუსის გავრცელებისთვის ოპტიმალური ამინდია +5 გრადუსი და 70% ტენიანობა, ამ პირობებში ვირუსის გადამტანი აეროზოლები ჰაერში ყველა დიდხანს ტივტივებს.
ამავე დროს ძლიერ ქარი და წვიმა აეროზოლებს გაფანტვას და შესაბამისად, ინფიცირების რისკის შემცირებას ხელს უწყობენ.
ევროპაში უკვე თითქმის ყველგან დათბა, სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურა უკვე 30 გრადუსს მიუახლოვდა. კორონავირუსი არაა გრიპი და მზის სხივებისადმი ის ბევრად უფრო გამძლეა, თუმცა, მაღალი ტემპერატურა კოვიდის გავრცელებას მაინც აფერხებს. ასე რომ, უახლოეს თვეებში პანდემიის შესუსტება გაცილებით უფრო რეალისტური სცენარია, ვიდრე ახალი აფეთქება.
lefigaro.fr
თენგიზ აბლოთია