მოსკოვი ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას იმ ფარგლებში აღიარებს, რომელ ტერიტორიებზეც სეპარატისტული მთავრობები აკონტროლებენ და თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ სამშაბათს, 22 თებერვალს განაცხადა.
„საზღვრებში, რომელშიც ლუგანსკისა და დონეცკის ხელმძღვანელობა ახორციელებს თავის სახელისუფლებო უფლებამოსილებას და იურისდიქციას“, – უთხრა რუდენკომ ჟურნალისტებს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები „დამოუკიდებლად“ აღიარა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა 21 თებერვალს თბილისის დროით 23:40 საათზე მოაწერა.
დოკუმენტის ხელმოწერისთანავე პუტინმა გასცა განკარგულება, ლუგანსკსა და დონეცკში მშვიდობის უზრუნველსაყოფად რუსეთის ჯარის შეყვანასთან დაკავშირებით.