რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რამდენიმე დღეში ამუშავდება. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ მინისტრის სატელევიზიო გამოსვლაზე დაყრდნობით წერს.
„მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება და დაიწყებს მუშაობას“, განაცხადა ლავროვმა.
აღნიშნული პროექტი წლებია, საერთაშორისო განხილვის საგანია. მისი ამუშავების შემდეგ რუსეთი კარგავს ინტერესს, უკრაინის გავლით გაატაროს ბუნებრივი გაზი ევროპის ბაზარზე. ამ ტრანზიტის შეწყვეტით, ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მქონე უკრაინა ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს დაკარგავს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსეთის მილსადენების სისტემას გერმანიასთან ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით აკავშირებს. ორგაზსადენიანი ინფრასტრუქტურის საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.
ამასობაში, ევროპის ბაზარზე ბუნებრივი გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, საცავებში გაზის მარაგების დეფიციტისა და აზიაში მოხმარების ზრდის ფონზე, უახლოეს პერიოდში გაზი, შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. დღეისათვის ევროპაში 1000 კბ/მ გაზი $600–ს აღწევს.