საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი რეგულაციების ფორსირებულ რეჟიმში ამოქმედების გამო აკრიტიკებს.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 7 მაისიდან გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდებათ საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტად.
ამ რეგულაციებთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკვე გამართა ერთი შეხვედრა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ მურთაზ კიკორიასთან. დღეს კი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.
„ძირითადი პრეტენზია და პრობლემა იყო ის, რომ ფორსირებულად მოხდება რეგულაციების დაწესება და საკმარისად არაა განხილული საფინანსო ინსტიტუტებთან - როგორც მსხვილ ისე პატარა ბანკებთან დაა ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან. პრეტენზია აქვთ, ასევე, არა მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე მსხვილ რითეილერებს - საცალო ვაჭრობაში მყოფ მაღაზიებს და სავაჭრო ცენტრებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ რეგულაციების გამო იმდენად რთულდება შემოსავლის დადგენის და მიკვლევადობის პროცესი, რომ სეხების გაცემა ძალიან შემცირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფრის მიმართ, რაც ბიზნესის და ეკონომიკის შემაფერხებელია, გულგრილად ვერ ვიქნებით და ამგვარი რეგულაციების წინააღმდეგი ვართ, - განაცხადა პაპაშვილმა.
პაპაშვილის თქმით, სამომხმარებლო სესხები სწრაფად იზრდება მთელს მსოფლიოში და ასეთი რეგულაციებით ეს საკითხი ვერ მოგვარდება.
„ჩვენ საფრთხეს ვხედავთ, რომ ეს შეიძლება გადავიდეს ჩრდილოვან მხარეს. ამიტომ სასურველია, რომ ახალი რეგულაციის მიღება ასე ფორსირებულად არ მოხდეს, - აღნიშნა მან.
წყარო : bm.ge