„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

access_time2019-11-18 14:30:56

ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“


ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან


– ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას?


– ცალსახად სახეზეა პოლიტიკური კრიზისის ნიშნები. პოლიტიკურ კლასს აღარ შეუძლია ძველებურად მართვა, ხალხს კი არ უნდა ძველებურად ცხოვრება. ეს კრიზისი იმავდროულად ჩიხიცაა, რადგან გამოსავალი არ არსებობს. დესტაბილიზაცია, რაც უკვე რეალურია, უწინარეს ყოვლისა, დაარტყამს ჩვენს სუსტ ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას. ამას მოყვება სოციალური დაცულობის იმ მინიმალური სტანდარტების ჩამოშლა, რომელიც რის ვაივაგლახით იქნა მიღწეული. არის სერიოზული საფრთხე, რომ სიღარიბითა და უპერსპექტივობით ილაჯგაწყვეტილმა მოსახლეობამ დესტრუქციულ ძალებს ხელი არ შეუშალოს თავიანთი დამანგრეველი მიზნების მიღწევაში. უფრო მეტიც – პროტესტანტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რასაც ლარის მკვეთრი გაუფასურება და ჩვენი სუსტი ეკონომიკის ჩამოშლა მოყვება. ეს კი იქნება კატასტროფა, – საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის დასასრული. ჩვენს ტერიტორიებს მეზობლები და მსოფლიო მოთამაშეები დაინაწილებენ და ამ ქვეყნისგან აღარაფერი დარჩება. ამის გაცნობიერებას არც ხელისუფლება ცდილობს და არც ოპოზიცია.


– რამდენად არის თქვენს მიერ დახატული აპოკალიფსური სურათი რეალური. თითქოსდა, ერთი შეხედვით, აქციების მიუხედავად, სხვათა შორის, არცთუ მრავალრიცხოვანის, ინსტიტუტები ფუნქციონირებენ – მუშაობს მთავრობა, პარლამენტი, ბიუჯეტი სრულდება, მწვავე პოლიტიკური პროცესი კი ამ ყველაფრის თანამდევია.


– თუ ამას მუშაობა ჰქვია, კი ბატონო. მე დავამატებდი – პური ცხვება, გამოძახებებზე სასწრაფო დადის. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, გაგიკვირდებათ და მუშაობს. პოლიცია თავის ფუნქციას ასრულებს… მაგრამ ეს ყველაფერი წამიერად დაინგრევა, როცა პროცესები უმართავი გახდება. კოლიზიას ქმნის ის გარემოება, რომ ბევრ შიდა და გარე ძალას ხელს აძლევს დესტაბილიზაცია ქვეყანაში. მშვიდი პოლიტიკური პროცესის პირობებში ოპოზიციას არ აქვს წარმატების შანსი. მშვიდი და ლოგიკური მოვლენათა მიმდიანრეობის პირობებში საქართველოში პრორუსული ძალები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ამიტომ პროდასავლურებმა უნდა დაგლიჯონ ერთმანეთი და პოლიტიკური ცხოვრების ამ ნანგრევებზე რუსეთმა უკვე სამფეროვანი დროშა უნდა ააფრიალოს საქარველოს დედაქალაქში. ახლა, ვინ არის ამ ქვეყანაში პრორუსული და ვინ პროდასავლური, ამას ნუ მკითხავთ, ეს ზოგჯერ თვითონ მათაც, ამ ძალებმაც კი არ იციან, ან თვალთმაქცობენ და არცთუ ნიჭიერად. მაგრამ სიტუაცია არ მივა უკიდურესობებამდე, თუ ლარი არ დაეცა და ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ამიტომ, საჭიროა კრიზისი და ჩიხი.


მე არაერთხელ მითქვამს, რომ სუსტი ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური ძალა მხოლოდ ივანიშვილის და “ოცნების” პრობლემა არ არის. ეს ჩვენი პრობლემაა. დღეს შემიძლია დავამატო, რომ სუსტი და უპასუხისმგებლო ოპოზიცია კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის. ამიტომ, ყველამ უნდა დაიოკოს ვნებები. ივანიშვილი უნდა მოემზადოს ძალაუფლების დასათმობად. 2020–ში, 2024–ში, ან როგორც მას წარმოუდგენია, 2030–ისთვის. მზად უნდა იყოს ყოველთვის. ხოლო ოპოზიცია უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ მას ხალხის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომ შეიძლება ვერ მოვიდეს ხელისუფლებაში. ამის პარალელურად პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს და ზღვარდაუდებელ ამბიციებს არ გადააყოლონ ქვეყანა, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი. ამისთვის კი აუცილებელია ეკონომიკას საფრთხე არ შეექმნას, ლარი არ გაუფასურდეს, ინსტიტუტები არ ჩამოიშალოს. ყველაფერს აქვს თავისი ფასი – გავრილოვის მუჯლუგუნებით და კინწისკვრით გაგდება ამ ქვყნიდან, 2 მილიარდი დაჯდა. ეს არეულობები შესაძლოა გაცილებით ძვირი დაგვიჯდეს. ვერ იაზრებს ამას ბიძინა ივანიშვილი. არც უსმენს არავის. და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ საერთოდ გაუგებარია ვის, საზოგადოების რომელი ნაწილის ინტერესებს ასახავს მმართველი ძალა, გარდა საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ნაწილისა და მათი ოჯახის წევრებისა. ამიტომ მინდა ვუთხრა ივანიშვილს – ბიძინა, მიხედე ლარს და ჩვენს სუსტ ეკონომიკას, რასაც აკეთებ პირადად, კარგია, მაგრამ აშკარად არასაკმარისი. ხოლო, ოპოზიციას, როგორც ამ ქვეყნის ერთმა მოქალაქემ, მინდა მოვთხოვო – მეტი კეთილგონიერება, ამ ქვეყნის დანგრევას არაფერი უნდა, პოლიტიკური ექსტრემიზმი ჩვენთვის გამოსავალი არ არის.


– თქვენ საკმაოდ მძიმე სურათი დახატეთ, მაშინ როცა ლარიც ასე თუ ისე დასტაბილურდა და ეკონომიკური ზრდაც საპროგნოზო მაჩვენებლის მიდამოებშია და თან ერთ–ერთი მაღალია რეგიონში.


– ეკონომიკურ პრობლემატიკას, მოდით, ამჯერად ნუ ჩავუღრმავდებით და სიტუაციის პოლიტ–ეკონომიკური შეფასებით შემოვიფარგლოთ. მე ვერ მივიღებ ციფრებით მანიპულირებას და ჟონგლირებას ეკონომიკურ ანალიზად. ჯერ ლარის გაუფასურების პროცესი მიუშვეს, მერე რეფინანსირების განაკვეთის აწევით შეეცადნენ პროცესის შეჩერებას, რამაც უამრავ ადამიანს რეფინანსირებაზე მიბმული სესხები გაუძვირა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივასაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ეს არათანმიმდევრულობაა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც ბუმერანგივით სულ მალე უკან ცუდად დაგვიბრუნდება. ახლა, რომ თქვა, ეს ყველაფერი, პოლიტიკურ კრიზისს და არევ–დარევას ვგულისხმობ, ლარს და ეკონომიკას დიდ საფრთხეს უქმნის მეთქი, არავინ მოგისმენს. მხოლოდ მერე დაიწყება ხელისუფლებაზე ან აგრე ძალებზე ყველაფრის გადაბრალება და ვაი–ვიში.



– რამდენად არის აქ ასე ცალსახად პასუხისმგებელი ხელისუფლება? ეს ყველაფერი ხომ მოცემულ კონკრეტულ ქეისთან მიმართებაში, ივანიშვილისადმი მაჟორიტარების დაუმორჩილებლობამ გამოიწვია?


– მეგობრებო, ეს საქართველოა და აქ ასეთი “ტრუკი” არ გადის. ფაქტია, რომ ივანიშვილმა ასწონ–დასწონა პერსპექტივა პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში და მივიდა ცალსახა და მარტივ დასკვნამდე, რომ `ოცნება~ დიდი ალბათობით ვერ შეძლებდა უმრავლესობის მოპოვებას პარლამენტში, ვერც საკოალიციოდ შეიგულა ვინმე. ამიტომ, იძულებული გახდა, მოეხდინა მიცემული პირობის ჩაგდება და კენჭისყრის მეშვეობით იდეის ტორპედირება. პროპორციულის წინააღმდეგ შესაძლოა კახა ოქრიაშვილი და ერთი–ორი მაჟორიტარი ისედაც გამოსულიყო, მაგრამ ხელისუფლების მორჩილი მშვიდი პარლამენტარების ასეთი “ამბოხი” წარმოუდგენელია და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ივანიშვილის დაგეგმილი თუ არა, ივანიშვილთან უეჭველად შეთანხმებული იყო.ყველა იმ საარჩევნო სისტემას ითხოვს, რომლის პირობებშიც გაიმარჯვებს.


– რატომ რის ამდენად მნიშვნელოვანი, შერეული იქნება საარჩევნო სისტემა, თუ პროპორციული?


– რა თქმა უნდა ყველა სისტემას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. შესაძლოა, შერეული სისტემა საქართველოსთვის უკეთესიც იყოს, მე არ ვუჭერდი მხარს საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას, არც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრე ვიყავი, რადგან ეს უკანასკნელი ძლიერი პოლიტიკური პარტიების არსებობას, მაღალ პოლიტიკურ კულტურას და დემოკრატიული ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას გულისხმობს. ამის საწინააღმდეგო ერთადერთ არგუმენტად წარმომედგინა სახელისუფლო რესურსი, რომელიც შერეული სისტემის პირობებში ხელისუფლების უპირატესობას განაპირობებს. ტუ ამას თან ერთვის ფინანსური რესურსების მოცულობას შორის პოლიტიკური სუბიექტების უთანაბრობა, აქ მმართველი პოლიტიკური ძალის შანსები კიდევ უფრო მეტად იზრდება. თუმცა, ამ ყველაფერს გადასძალავს ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მაშინდელ ოპოზიციას ფინანსური რესურსიც საკმარისად ჰქონდა. ახლა ხალხის მხარდაჭერას ისაკლისებს, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. ელექტორატის ნახევარზე მეტი არენაზე მყოფი ყველა პოლიტიკური სუბიექტის წინააღმდეგია. ასეთ ვითარებაში, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ცდილობს იმ საარჩევნო სისტემაზე შეჩერებას, რომელიც სწორედ მის გამარჯვებას უზრუნველყოფს. აი, ეს არის ამ დავიდარაბის თავი და ბოლო.


“კისინგერი შოკშია”


– რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?


– დასავლეთი ნდობის ფაქტორზე აგებული პოლიტიკური სისტემების სივრცეა. იქ როცა პირველი პირი დადებს პირობას, უეჭველად უნდა შეასრულოს. იქ გადაგდება არ მოსულა, ამიტომ, ბუნებრივია, დასავლეთში ვინც საქართველოზე მუშაობს ან საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკის შემუშავებაშია ჩართული, უკმაყოფილონი არიან თითონ ფაქტით, თორემ არც მაჟორიტარული სისტემაა მათთვის მიუღებელი, არც შერეული და არც პროპორციული, მაგრამ მაინც უცნაურია, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერის ორპარტიული აქტის ერთ–ერთი ავტორი კისინგერი შოკშია, რადგან ის წარმოადგენს ქვეყანას, რომლის პოლიტიკური სისტემაც მაჟორიტარულ პრინციპებზეა აგებული, სადაც კონგრესმენსაც და ადგილობრივ შერიფსაც მაჟორიტარული წესით ირჩევენ. გააჩნია რომელი ქვეყნის რეალობას ამა თუ იმ ეტაპზე, რომელი სისტემა უფრო შეესატყვისება. მთავარია ის იყოს საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი და მიღწეული შეთანხმებების შესრულებისგან თავის არიდებას არ ჰქონდეს ადგილი.


დემოკრატია თუ ოხლოკრატია?

– და მაინც, რას ნიშნავს მიმდინარე აქციები – ჩვენი დემოკრატიის რეალურად ფუნქციონირებას თუ მის სისუსტეს?


– ერთსაც და მეორესა, უბრალოდ ჩვენ ვერ შევქმენით გამართულად ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა. ჩვენ შორს ვართ კონსოლიდირებული დემოკრატიისგან, როგორც ეს განვითარებული დემოკრატიების მქონე ქვეყნებშია. ჩვენ ისევ საარჩევნო დემოკრატიის მიჯნას ვუახლოვდებით და პერიოდულად ოხლოკრატია, ანუ ბრბოს მმართველობა მოდის წინა პლანზე, სადაც ხალხი ბრბოდ იქცევა, იქ მიღწეულ შედეგს, თუნდაც ქუჩამ მორიგი გამარჯვება მოიპოვოს, იქ სასიკეთოს ნურაფერს ელი. ჩვენ არც ის ვიცით რომელ პოლიტიკურ ძალას ხალხის რა მხარდაჭერა აქვს. უკვე 10 წელია ვიმეორებ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ობიექტური და მიუკერძოებელი სოციოლოგიური კვლევების ავტორიტეტული კომპანიები, რომელთა მიერ გამოქვეყნებული შედეგებით გავიგებთ რომელ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას ხალხის რა მხარდაჭერა აქვს. ისღა დაგვრჩენია, რომ ისევ NDI–სა და IRI–ის კვლევებს დავეყრდნოთ, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში გარკვეული უნდობლობა და სკეპსისი არსებობს. ჩვენ ამ კვლევების მიხედვით, ვიცით, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალი რეიტინგი 25%–ს არ აღემატება და საბოლოო ჯამში ელექტორატის ნახევარსაც კი ვერ მოიცავს. უამრავი ბობოქარი და ავტორიტეტული ლიდერი მოსახლეობის მხოლოდ ერთ–სამ პროცენტიან მხარდაჭერას ფლობს და ესეც ამ ქვეყნის თავისებურება და ტრაგედიაა. და ჩვენ, იმიტომ არ ვიკვლევთ საზოგადოების განწყობას, რომ გვეშინია არ გამოიკვეთოს ცალკეული პრორუსული ძალისადმი სასურველზე მაღალი მხარდაჭერა. ამ დროს კი რუსეთი საქართველოში თავის საქმეს აკეთებს როგორც პრორუსული, ისევე პროდასავლური პარტიების და პოლიტიკოსების მეშვეობით.


აღლუმი ისევ რუსეთს მიჰყავს

– რამდენად შეიძლება ბოლოდროინდელ მოვლენებში რუსეთის კვალი დავინახოთ?


– რუსეთი ყველგანაა. რუსეთი ერევა აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში. რუსეთი აფინანსებს ბრიტანელ კონსერვატორებს. რუსეთი მოიაზრება საფრანგეთში “მწვანე ჟილეტების” უკან. რუსეთი ალაგებს სიტუაციას სირიაში და ა.შ. იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ სულერთია რუსეთისთვის რა ხდება საქართველოში ან მხოლოდ ასე ვთქვათ, პროდასავლურების მეშვეობით მოქმედებს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. მე პირადად, რუსული გავლენის კვალს ვხედავ საქართველოში და მასთან დაკავშირებულ მოვლენებში დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ყოველწლიურად, უფრო მეტიც – ყოველდღიურად. იმ დროს, როცა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ–ს და მის პრეზიდენტს, ტრამპს საერთოდ არ აინტერესებს კავკასია და ვისაც დასავლეთი ამ ქვეყანაში ეყრდნობა, ისინი ხშირად აკეთებენ საქართველოს საზიანო საქმეს. ჩვენ იდიოტური აკვიატებით არ ველაპარაკებით რუსეთს, არ ვთანამშრომლობთ სათანადოდ თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რომელთაც სტრატეგიული ხერძი აქვთ ჩამოყალიბებული და ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკური პროცესის მეშვეობით დასახული მიზნების მიღწევა, მხოლოდ კისრისტეხით გავრბივართ რუსთაველზე, რომ ვიყაყანოთ ან მივლეწ–მოვლეწოთ იქაურობა.


რუსეთი კი აკონტროლებს ყველაფერს საქართველოში და კატა–თაგვობანას გვეთამაშება.


რაა გამოსავალი?


ხომ არ ვუახლოვდებით საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის გარდუვალობის მიჯნას, რომელიც ორი მთავარი რეგიონული მოთამაშის – აშშ–ის ან რუსეთის ნებით ჩამოყალიბდება და ამ ვაკხანალიას შეაჩერებს?


არ იქნება ეს კარგი გამოსავალი.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 





კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...

„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

 „სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“
access_time2019-12-15 12:00:58
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვების პროცესში დისკვალიფიკაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა. „სახელმწიფო შესყიდვები ძალიან რთული და საინტერესო თემაა.შესყიდვა...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...


მსგავსი სიახლეები

up