ლარიზაციიდან საპენსიო რეფორმამდე - ბოლო მოწვევის პარლამენტის ყველაზე საკამათო და განხილვადი ეკონომიკური რეფორმები

ლარიზაციიდან საპენსიო რეფორმამდე - ბოლო მოწვევის პარლამენტის ყველაზე საკამათო და განხილვადი ეკონომიკური რეფორმები

access_time2020-10-28 10:00:04

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა, სადაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, მუშაობა დაასრულა. 4 წლის განმავლობაში დეპუტატებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კანონი მიიღეს, ნებსით თუ უნებლიეთ ვექტორი მარცნივ გადაიხარა.


გადასახადების ზრდის შესაძლებლობის დაკანონება. 2017 წელს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ძველი რედაქციით 94-ე მუხლი, რომელიც რეფერენდუმის გარეშე, აქციზის გარდა გადასახადების ზრდას და/ან ახალი გადასახადის დაწესებას კრძალავდა, დაკნინდა და 12 წლიანი ვადით განისაზღვრა. ცვლილებების ინიციატორების განცხადებით კონსტიტუციის ძველი რედაქცია პარლამენტის როლს აკნინებდა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაში მიუღებელი იყო. მათი მტკიცებით მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოებს უნდა ჰქონოდათ უფლება დამოუკიდებლად, მოსახლეობის უკითხავად განესაზღვრათ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. გია ჟორჯოლიანმა მუხლს „ავტორიტარიზმისკენ გადაგმული ნაბიჯიც“ კი უწოდა. მუხლის საერთოდ გაუქმების მომხრეთა განცხადებით, დაბალი გადასახადები პანაცეა არ იყო. იმ ფაქტს, რომ დაბალი გადასახადები ეკონომიკური განვითარებისთვის არასაკმარისი პირობაა კანონის ძველი რედაქციის მომხრეებიც აღიარებდნენ, თუმცა მათი განმარტებით დაბალი გადასახადები სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი სასიცოცხლო წინაპირობა იყო. საბოლოოდ ჩაიწერა 12 წლიანი დათქმა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2029 წლიდან მთავრობას პარლამენტის თანხმობით გადასახადების ზრდა შეეძლება.


გადასახადებზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმ მარტივი ჭეშმარიტების გააზრება, რომ ბენ ფრანლინი მართალი იყო - ადამიანი სიკვდილის მსგავსად ვერც გადასახადებს გაექცევა, მაშინაც კი თუ არ მუშაობს და არც ბიზნესი აქვს. აქციზი და დღგ ირიბი გადასახადებია. როდესაც პირი რამეს ყიდულობს, ის რეალურად ამ გადასახადებსაც იხდის. დღგ-ს განაკვეთი 18%-ს შეადგენს და ნივთი, რომელიც მის გარეშე 1 ლარი ეღირებოდა, 1.18 ლარად იყიდება. ამ გზით 50 თეთრიანი კალმის ფასი 59 თეთრამდე იზრდება, 3500 ლარიანი ტელევიზორის - 4130 ლარამდე. 1 კოლოფ სიგარეტში აქციზის საფასური 1.70 ლარს შეადგენს, 1 ლიტრ ბენზინში 38 თეთრს. ბოლო 2020 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით საქართველოსი საშუალო ხელფასი 1150 ლარს შეადგენს, რისიც ბევრს არ სჯერა, საქმე იმაშია, რომ ეს დარიცხული თანხაა, რომელიც სავალდებულო საპენსიო შენატანისა და საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ 900 ლარამდე მცირდება.


სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიყიდვის აკრძალვა. 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად კიდევ ერთი შეზღუდვა დაწესდა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნილების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვა აიკრძალა. ცვლილების ინიციატორები სავარგულის გაყიდვას ლამის ტერიტორიის უცხო ქვეყნითვის გადაცემასთან აიგივებდნენ და არაფერს ამბობდნენ იმ ფაქტზე, რომ გაყიდულ მიწაზე ისევ საქართველოს კანონმდებლობა გავრცელდებოდა და მისი უცხოელი მფლობელი ისევ ქართული კანონმდებლობით დაიბეგრებოდა. ცვლილებების მომხრეებს არც ის განუმარტავთ რატომ არის მისაღები ურბანული მიწის გაყიდვა სადაც შესაძლებელია პირობითად სასტუმროს აშენება და რატომაა მიუღებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გაყიდვა სადაც მის უცხოელ მფლობელ შეეძლო ასევე პირობითად სიმინდი ან პომიდორი მოეყვანა. ცნობილია, რომ თხილის ექსპორტის ზრდას იტალიურმა Ferrero-მ შეუწყო ხელი, რომელმაც დასავლეთ საქართველოში 3000 ჰა მიწა შეიძინა. ოპონენტების არგუმენტმა, მიწა იმიტომ ღირს იაფი მოთხოვნაა დაბალი და თუ არ ავკრძალავთ გაყიდვას, მოთხოვნასთან ერთად ფასიც გაიზრდება, რის გამოც გამორიცხულია მთელი მიწები უცხოელებს ჩაუვარდეთ ხელთო არ გაჭრა.


მიწის გაყიდვის შეზღუდვას ამომრჩეველს ქართული ოცნება ჯერ კიდევ 2012 წელს ჰპირდებოდა. პირველი მორატორიუმი 2013 წელს გამოცხადდა. ნორმა ავსტრიის მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ შეზღუდვა არაკანონიერად ცნო. საბოლოოდ კანონმდებლებმა მიწის გაყიდვის უფლება არც კერძო პირებს მისცეს, არც ევროკავშირის მოქალაქეებს, თუმცა დაუშვეს გამონაკლისი, რასაც პარლამენტის თანხმობა სჭირდება.


ლარიზაცია და დაკრედიტების შეზღუდვა. 2016 წლის მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართა. იმ დღეს ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2.49-ს შეადგენდა, უმრავლესობის სიით გასული მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე მთავრობის დამტკიცებისას იმას არკვევდა ჰქონდა თუ არა აღმასრულებელ შტოს განსაზღვრული კურსის ქვედა ზღვარი, რათა ინვესტიციების მოზღვავების შედეგად ლარი ზედმეტად არ გამყარებულიყო. დეპუტატის შიშები არ გამართლდა, ლარი ზედმეტად არ გამყარებულა. ლარიზაციის მოტივით მიღებული ცვლილებების მიუხედავად თითქმის 4 წლის შემდეგ დოლარი 29%-ით მეტი 3.22 ლარი ღირს. ე.წ. ლარიზაცია კი რამდენიმე მიმართულებით წარიმართა, რომელთაგანაც ნაწილი სავალდებულო იყო, ნაწილი შეთავაზების ფორმას ატარებდა.


2017 წლის 1-ლი ივლისიდან ლარში ფასდადება სავალდებულო გახდა. რეალურად სუპერმარკეტებსა თუ საოჯახო ტექნიკის მაღაზიებში ანგარიშსწორება ადრეც ლარში ხდებოდა. ავტომობილსა და ბინას ფიზიკური პირები ახლაც დოლარებში ყიდულობენ. გაყიდვების საიტებზე ლარის მითითება სავალდებულო გახდა, თუმცა გამოსავალი მალევე მოიძებნა, პირს შეუძლია ფასის დოლარში მითითება რომელსაც საიტის კალკულატორი ლარში ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული იმ დღეს არსებული ოფიციალური კურსით ავტომატურ რეჟიმში გადაიყვანს.



2017 წლის 15 იანვრიდან ბანკებს 100 000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა აეკრძალათ. 2 წლის შემდეგ ქვედა ზღვარი გაორმაგდა და დღეს პირს 200 000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარში შეიძლია, გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა თუ მსესხებელი უცხოურ ვალუტაში შემოსავალს დოკუმენტურად დაადასტურებს.


2017 წელს სესხების გალარების პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან 65 მლნ ლარი გამოიყო. იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც 2015 წლის 1-ელ იანვრამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი დოლარში ჰქონდათ აღებული, შესაძლებლობა მიეცათ სესხი ლარში ლარში გადაეტანათ. კურსი იმ დღეს არსებული დოლარის ოფიციალურ ღირებულებაზე 20 თეთრით ნაკლები იქნებოდა. პროგრამა არ ეხებოდა $100 000-ზე უფრო მაღალ სესხებსა და იმ პირებს, რომლებმაც 2015 წელს 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. პროგრამა პოტენციურად 27 000-მდე პირს ეხებოდა, მაგრამ შეთავაზებით მხოლოდ 19%-მა - 5092-მა ისარგებლა. დაბალი აქტიობის მიზეზი ლარში არსებულ სესხზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო, რომელიც თავის მხრივ რეფინანსირების ცვლად განაკვეთზე იყო მიბმული. პროგრამის ამოქმედების ფარგლებში რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ს შეადგენდა. დღეს 8%-ს უდრის, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის აპრილამდე 9%-საც აღწევდა.


პარლამენტმა ლარიზაცია არასაკმარისად მიიჩნია და დაკრედიტება კიდევ რამდენიმე მიმართულებით შეზღუდა. სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 2017 წლიდან 100%-მდე, ხოლო 2018 წლიდან 50%-მდე შემცირდა. ლიმიტი დაწესდა ჯარიმებზეც. გადაწყვეტილებას ბანკების საკრედიტო პორთველზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია, 50%-ზე უფრო ძვირად მხოლოდ სწრაფი სესხების ნაწილი გაიცემოდა, რომელთა მოცულობაც მიზერული იყო. ბანკებისგან განსხვავებით ონლაინ სესხები პრაქტიკულად ბაზრიდან გაქრა. საპროცენტო განაკვეთის ჭერის დადგენის გარდა ბანკს აეკრძალა სესხის გაცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე. გაიზარდა ე.წ. PTI კოეფიციენტი. თუ პირის შემოსავალი თვეში 1000 ლარზე ნაკლებია, მაშინ მას სესხის მომსახურებაზე შემოსავლის მხოლოდ 25%-ის გადახდა შეუძლია, 1000 ლარს ზემოთ 50%-ის, ხოლო თუ სესხი უცხოურ ვალუტაშია 30%-ის. ანუ თუ პირს აქვს 800 ლარი ხელფასი ის ვერ აიღებს ისეთ სესხს სადაც ყოველთვიური შენატანი 200 ლარზე მეტი იქნება.


საპენსიო რეფორმა.კიდევ ერთი საკამათო და ალბათ ყველაზე მასშტაბური რეფორმა საპენსიო სისტემას უკავშირდება. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სავალდებულო საპენსიო დაზღვევა ამოქმედდა. სისტემა 2+2+2 პრინციპით მოქმედებს. დასაქმებულს დარიცხული ხელფასიდან ავტომატურ რეჟიმში 2% ეჭრება, 2%-ს დამსაქმებელი ამატებს, კიდევ 2%-ს სახელმწიფო. აკუმულირებული თანხა საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე თავსდება. თუ დასაბეგრი ხელფასი წლიურად 24 000 – 60 000 ლარის ფარგლებში სახელმწიფო კონტრიბუცია 1%-მდე მცირდება, ხოლო თუ 60 000 ლარს აღემატება ნულდება.


სისტემიდან გასვლა 3 თვის განმავლობაში 40 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ. ამ უფლებით 166 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რაც გასვლის უფლების მქონე პირთა 40%-ს უდრის. სხვა შემთხვევაში სისტემიდან გასვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება, თუ ბენეფიციარი შშმ პირი გახდა, ან თუ მან ქვეყანა დატოვა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქე გახდა. სისტემაში ჩართული პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი კუთვნილი თანხა მისსავე მემკვიდრეს გადაეცემა. საპენსიო დანაზოგზე საბანკო ყადაღა და აღსრულება არ ვრცელდება.


1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, სისტემაში ჩართულ პირთა რაოდენობა 1 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო აქტივების მოცულობა 1 მლრდ ლარს. საპენსიო სააგენტოს თანხა საბანკო დეპოზიტებზე აქვს განთავსებული და მას უკვე დაერიცხა 100 მლნ ლარამდე სარგებელი.


რეფორმის მომხრეები სისტემაში ჩართულ პირებს უზრუნველ სიბერეს ჰპირდებიან, მოწინააღმდეგეები კი რისკებს ხედავენ და სავალდებულოების გაუქმებას ითხოვენ.


2019 წელს დაგროვებითი საპენსიო სისტემის თანადაფინანსება ბიუჯეტს 110 მლნ ლარი დაუჯდა, 2020 წლის გეგმა 200 მლნ ლარია, 2021 წლის პროექტის მიხედვით კი 220 მლნ ლარია განსაზღვრული. რეფორმის მოწინააღმდეგეთა განმარტებით ვინაიდან გადასახადებს ყველა იხდის, გამოდის, რომ ღარიბი უმუშევარი დასაქმებულს აფინანსებს, რაც გაუმართლებელია.


პანდემიის გამოცხადებისას, რასაც მალევე საყოველთაო კარანტინი და ეკონომიკის ვარდნა მოჰყვა, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობას საპენსიო შენატანების ბენეფიციარებისთვის დაბრუნებისკენ მოუწოდა, რაზედაც უარი მიიღო.

 

გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
რეფორმები



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up