ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით მყარდება და რამდენიმე დღის წინ უკვე 2.80-იან ნიშნულსაც ჩამოსცდა. რა მოლოდინი აქვს სპეციალისტებს კურსთან მიმართებით, თემაზე „კომერსანტი“ ანალიტიკოსს და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს ნიკა შენგელიას ესაუბრა.
ანალიტიკოსის თქმით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით არსებულ ტრენდს შეინარჩუნებს, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამყარება მოსალოდნელი არ არის.
„ლარის კურსი როდესაც დოლართან მიმართებით სტაბილურად 2.70-იან ნიშნულზე ჩამოვა, ეროვნული ბანკი დაიწყებს ჩარევას რეზერვების შესავსებად. ის რომ ლარის კურსი 2.5 გახდება, ამის მოლოდინი არ გვაქვს. თუ ლარის კურსი 2.60-მდე ჩამოვიდა, ეს ნიშნავს რომ საქართველოს ექსპორტი გაჩერდება, ვგულისხმობ იმას, რომ მოსავლის პერიოდია და ჩაბარების ფასი ძალიან დაბალი იქნება, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას. რაც უფრო მყარია ლარის კურსი, მით უფრო ნაკლებია ექსპორტი, შესაბამისად თუ ძალიან გამყარდება ლარი ექსპორტი ფაქტობრივად აღარ გვექნება.
ქვეყანაში ყოველთვიურად მილიარდამდე ფული შემოდის, რაც წარმოშობს ლარზე მოთხოვნას, შესაბამისად ჩვენი ეკონომიკა აჩვენებს, რომ ემიგრანტებზე ვართ ჩამოკიდებული. სწორედ ის აგენერირებს მშპ-ს ზრდას. რაც შეეხება გრძელვადიან მოლოდინს, წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ ეროვნული ვალუტა ცოტა გაუფასურდება, თუმცა ძალიან უმნიშვნელოდ“, — აღნიშნავს ნიკა შენგელია.
ეროვნული ბანკის მიერ 2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.73 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7411 ლარი გახდა.