ლარი დოლართან მიმართებაში თებარვალში 0.7%-ით, წლის პირველ ორ თვეში კი 1.5%-ით გაუფასურდა. თუ 1-ელ იანვარს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2766 იყო, 1-ელ თებრვალს 3.3026-ს მიაღწია, 1-ელ მარტს კი 3.3255-ს. ამ დროის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ინტერვენცია სულ 3-ჯერ მოუწია, იანვარში ორჯერ და თებერვალში ერთხელ, რასაც ჯამში ბაზრისთვის $120 მლნ-ის მიწოდება მოჰყვა.
ერთი შეხედვით ძალიან დაბალი, თვეში 0.7%-იანი გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში წლის ბოლომდე კურსი 3.55-ს გადააჭარბებს. 3.55-ს გადასცდება კურსი მაშინაც, თუ ლარი ყოველთვიურად 2.29 თეთრით გაუფასურდა. ასეთ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს რეზერვების უფრო სწრაფი ტემპით ხარჯვა მოუწევს. გასულ წელს სებ-მა 26-ჯერადი ინტერვენციის შედეგად რეკორდული რაოდენობის - 873 მლნ-ის დოლარი გაყიდა, თუმცა იმავე წელს რეზერვების მოცულობა $400 მლნ-ით $3.9 მლრდ-მდე გაიზარდა, 2021 წლის იანვარში კი დამატებით $190 მლნ-ით. ამის მიზეზი სესხის სახით შემოსული საერთაშორისო დახმარებებია.
დოლარის მსგავსად ლარი თებერვალში თითქმის ყველა სხვა ძირითად თუ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტასთან გაუფასურდა. მათ შორის: ევროსთან 0.7%-ი, ბრიტანულ ფუნტთან 2.3%-ით, რუსულ რუბლთან 2.9%-ით, აზერბაიჯანულ მანათთან 0.5%-ით, უკრაინულ გრივნასთან 1.3%-ით, ჩინურ იუანთან 0.3%-ით.
ლარი თებერვალში იაპონურ იენთან 0.8%-ით, შვეიცარიულ ფრანკთან კი 1.2%-ით გამყარდა. ლარი ასევე გამყარდა თურქულ ლირასთან 0.1%-ით, თუმცა ორთვიან ჭრილში 2.3%-ით გაუფასურდა, ანალოგიურად სომხურ დრამთან 1.1%-ით გამყარდა, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე 0.4%-ით გაუფასურდა.