ლარი VS ლირა. რატომ მყარდება ქართული ვალუტა თურქულის გაუფასურების ფონზე - სებ-ის ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები

ლარი VS ლირა. რატომ მყარდება ქართული ვალუტა თურქულის გაუფასურების ფონზე - სებ-ის ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები

access_time2021-11-25 10:00:10

თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზეა ($1 / 12.05 TRY) და მისი ვარდნის ტემპი ასევე რეკორდულია. ამ ფონზე ქართული ლარი დოლართან მიმართებაში მყარდება და ხუთშაბათს $1 3.1153 ლარი ღირს. პანდემიამდელ პერიოდში ლარის მკვეთრ ვარდნებს საქართველოს ეროვნული ბანკი თურქული ლირის გაუფასურებას უკავშირებდა. დღევანდელ ვითარებას კი ლირას გაუფასურების სხვა პარტნიორი ვალუტების გამყარებით დაბალანსებით განმარტავს. ლარის გაუფასურება-გამყარების მიზეზებზე როდის თქვეს სიმართლე სებ-მა და სხვა უწყებებმა?..



უფრო კონკრეტულად: „პანდემიამდე ლარის გაუფასურებას კონკრეტული მიზეზები აქვს. 2018 წელს ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენა მოახდინა თურქეთის ლირას გაუფასურებამ და კრიზისმა. ამან მიმდინარე ანგარიშზე შექმნა დაწოლა, მოლოდინების არხი ჩაირთო და ეროვნული ვალუტა გაუფასურდა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას. ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად წარსულშიც არაერთხელ დაუსახელებია ლირას გაუფასურება, თუმცა ბოლო პერიოდში, ის ფაქტი, რომ თურქული ვალუტის გაუფასურება ქართულზე არ აისახა, სებ-ის პრეზიდენტმა სხვა პარტნიორების ვალუტების გამყარებით ახსნა.



,,თურქეთი ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხდება მის ვალუტასთან დაკავშირებით. თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, ლირას გაუფასურება სხვა ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარებით ბალანსდება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ ლარის ეფექტურ კურსს უნდა ვუყუროთ და არა რომელიმე ვალუტასთან მიმართებაში კურსს, რაოდენ დომინანტურიც არ უნდა იყოს ეს ვალუტა. და ლარის საშუალო შეწონილი კურსი, რაც არის საქართველოს მთავარ სავაჭრო ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ბოლო თვეების განმავლობაში არის სტაბილური. რადგანაც სწორედ სხვა ქვეყნების ვალუტების გამყარებამ დააბალანსა ლირის გაუფასურება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ 27 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.



საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორის თურქეთის (იანვარ-ოქტომბერში საქართველო-თურქეთს შორის საქონლით ვაჭრობამ $1 678.6 მლნ შეადგინა) ეროვნული ვალუტა, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, 12.89%-ით გაუფასურდა, მაშინ როდესაც ნოემბრის მესამე კვირაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციით ხასიათდებოდა. თურქული ლირა წლის დასაწყისიდან დოლართან მიმართებით თითქმის 52%-ით გაუფასურდა, ხოლო ამავე პერიოდში ლარი თითქმის 5.5%-ით არის გამყარებული. ორი ვალუტის გამყარება-გაუფასურების გავლენებზე სებ-ისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ სპეციალისტების ნაწილს, მათი აზრით, ლირა ლარზე გავლენას ახდენს, თუმცა ის მისი გაუფასურების მთავარი მიზეზი ვერ იქნება.



თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ მიუხედავად წინა პროგნოზისა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ თურქული ვალუტა ქართულს არ ჩაითრევს, ვალუტებს შორის არსებული პოზიტიური კორელაციის გათვალისწინებით, ახლა თურქეთში სავალუტო კრიზისთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა და გაჩნდა გარკვეული მოლოდინი, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა, ლარზეც იქონიოს ნეგატიური გავლენა. გარდა ამისა, განაკვეთების ზრდის გამო გლობალურად დოლარი მყარდება.




„თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალი ანტირეკორდი დაამყარა. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ლარი არ არის აუცილებელი გაყვეს ლირას, თუმცა ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან გაცვლითი კურსის მხრივ, წინა შეფასება იმდენად ძლიერი აღარ არის. შესაბამისად, მიუხედავად წინა კვირაში ლარის დოლართან გამყარებისა, თიბისი კაპიტალი არ გამორიცხავს საპირისპირო მიმართულებით კორექციას, თუმცა - არაუმეტეს რამდენიმე პროცენტისა. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა საერთაშორისო მასშტაბით და საქართველოში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებლები, - აღნიშნავენ თიბისი კაპიტალში.



Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, ლარის კურსი წლის ბოლომდე 3.1-3.2-ის ფარგლებში იქნება. თუმცა, მისი თქმით, ზოგადად მსჯელობა, რომ ლირას გაუფასურება ლარს აუცილებლად უნდა აუფასურებდეს, არასწორია, მაგრამ პარტნიორი ვალუტის ასეთი მკვეთრი გაუფასურება სავარაუდოდ ქართულ ვალუტაზეც აისახება.



„საქართველოში არის მოლოდინი, რომ ლირას გაუფასურება ლარის გაუფასურებას აუცილებლად უნდა იწვევდეს, ეს მცდარია, მაგრამ გავლენას ახდენს არასწორი მოლოდინები. გაჩნია ლირის კურსის გაუფასურების ტრაექტორიასაც, თუმცა ზოგადად ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ლარის გაუფასურებაზე. დღესდღეობით საქართველოში სავალუტო ნაკადები აღდგენას განაგრძობს, რეგიონის სხვა ვალუტებიც სიმყარეს ინარჩუნებენ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.



ანალიტიკოსი ნიკა შენგელია კი მიიჩნევს, რომ ზოგადად მხოლოდ თურქულ ლირაზე ყველაფრის გადაბრალება არამართებულია, თუმცა როდესაც სავაჭრო პარტნიორის ვალუტა უფასურდება, ადრე თუ გვიან უფასურდება ქართულიც, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ შეინიშნება, რადგან ლარის კურსის გამყარებას ხელს უწყობს ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები.



„დღეის მდგომარეობით, ფულადი გზავნილები 7 მლრდ. ლარამდეა. გადმორიცხული უცხოური ვალუტის 90% მიემართება სავალუტო ბაზარზე და ლარზე მოთხოვნა იზრდება, მას სწორედ ეს ამყარებს.


ზოგადად ეროვნული ბანკის მიერ ლარის გაუფასურების ლირაზე გადაბრალება არამართებულია, მაგრამ სხვა გზა ვერ იპოვეს და რაღაცას ხომ უნდა დაბრალდეს, ამ ბოლოს ყველა მაკროეკონომიკური პრობლემა ხშირად მხოლოდ გარე შოკებს ბრალდება.


ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის ლარი არ გაუფასურდება, როგორი მოლოდინიც წინა საახალწლოდ არის ხოლმე. ამიტომ ვვარაუდობ, რომ კურსი ისეთივე იქნება, რაც დეკემბრის პირველ დღეებში. ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვები რომ ეს არ დაუშვას, იციან რომ თუ ესეც გაექცათ, სოციალურ აფეთქებამდე მივალთ, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ რომ კურსი შეინარჩუნონ“,
- განმარტავს ნიკა შენგელია.



აღსანიშნავია, რომ ლირის ბოლოდროინდელი მკვეთრი გაუფასურება, ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიუხედავად, უკავშირდება პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ზეწოლით, რეფინანსირების განაკვეთის 16%-დან 15 %-მდე შემცირებას. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მაღალი ინფლაციური მოლოდინები არსებობს, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვთს, თუმცა, თურქეთის შემთხვევაში, პირიქით მოხდა და რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა. ბაზრის მოთამაშეებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა დაკარგული აქვს და ძირითადად გადაწყვეტილებას იღებს ერდოღანის გავლენების ქვეშ. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკის თანახმად, იგი „საპროცენტო მაფიის“, ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ მოქმედებს და ეს ორი დღის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, როდესაც დაბალ საპროცენტო განაკვეთებს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.


ნინო თამაზაშვილი

თეგები:
ლარი ლირა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up