ლაგოდეხში ქართულ-იტალიური ინვესტიციით შექმნილი ლოკოკინების ფერმიდან პროდუქტი დეკემბრის ბოლოს იტალიაში გავა ექსპორტზე. ექსპორტს კომპანია „ჯიდიბიესი“ განახორციელებს.
ლაგოდეხში ლოკოკინების მოშენების ბიზნესში 100 000 ევრომდე ინვესტიციაა ჩაიდო. 2 ჰა-ზე გაშენებულ ფერმაში გაზაფხულისთვის 10-15 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ფერმაში ლოკოკინების მოვლა-პატრონობა და გაშენება იტალიური „ჩერასკოს“ მეთოდით ხდება.
რადიო „კომერსანტი“ დილის ეთერში რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ლაგოდეხში ლოკოკინების ფერმის გაშენება 2022 წლიდან, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ლოკოკინას ევროკავშირის ქვეყნებში გატანის შესაძლებლობა საქართველოსაც მიეცა. „ჯიდიბიესის“ წარმომადგენლები მარტის თვეში იტალიელ ინვესტორ სიმონე სამპოს შეხვდნენ და სწორედ ამ შეხვედრაზე ჩაეყარა საფუძველი ორი კომპანიის თანამშრომლობას. აღსანიშავია, რომ „ჩერასკოს“ მეთოდით ლოკოკინების გამრავლება ველური ბუნებისგან განსხვავებულად მიმდინარეობს, მეტი პროდუქტიულობით გამოირჩევა და მთელი ციკლის განმავლობაში ერთმა ლოკოკინამ შეიძლება 21 თაობა იყოლიოს.
„ჩვენი მოლოდინი და გეგმა იყო, რომ ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის მაისი-ივნისის პერიოდში, დაგვეწყო „მოსავლის მიღება“, მაგრამ უკვე წელს, ახალ წლამდე ავიღებთ პირველ მოსავალს და გავაგზავნით იტალიაში. ეს იტალიის მხარისთვისაც სიურპრიზია. ლაგოდეხში ლოკოკინას ზრდისა და გამრავლებისთვის შესაფერისი გარემო აღმოჩნდა,“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში.
როგორც შოთა ბურჯანაძე ამბობს, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში ლოკოკინაზე დიდი მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც გაჩნდეს. ამას თავისი მიზეზები აქვს:
„ჩვენი განსაკუთრებული კულინარია გვაქვს და რამე განსხვავებულის მიღება ფართო მასშტაბებით რთულია ხოლმე. ვერც ლოკოკინა გახდება უახლოეს მომავალში საინტერესო პროდუქტი ქართველებისთვის იმის მიუხედავად, რომ მესხეთში ლოკოკინა საკმაოდ პოპულარულია და იქ, თქვენ წარმოიდგინეთ, ლოკოკინის ხინკალსაც კი აკეთებენ,“ - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა