მიზანშეწონილია ახალი სტატისტიკური მაჩვენებლების - მანფლაციის (MUNflation) შემოღება, — ამის შესახებ კომერსანტთან პროფესორი და ეკონომისტი ლადო პაპავა და თსუ-ს ანალიტიკისა და პრონოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია აცხადებენ და ინფლაციის გამოთვლის მეთოდოლოგიის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.
მათი განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სამომხმარებლო ფასების ინდექსის, იგივე ინფლაციის გაანგარიშებას 1992 წლიდან ახორციელებს და დღეისთვის ის 6 მსხვილი ქალაქის 1800-მდე ობიექტის მონაცემებზე დაყრდნობით იანგარიშება. ინფლაციის დაანგარიშებისთვის ბაზისად ე.წ. სამომხმარებლო კალათა გამოიყენება, რომელიც 12 სასაქონლო ჯგუფს და მასში შემავალ 305 დასახელების პროდუქტს, შესაბამისი წონების გათვალისწინებით აერთიანებს.
მიუხედავად ინფლაციის გაანგარიშების მეთოდოლოგიის სიმარტივისა და გამჭვირვალობისა, ხშირად მოსახლეობა ამ ტერმინს თავისებურად გებულობს და მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების ფასის გაძვირებას (ან შემცირებას) ადარებს და როგორც წესი თავს მოტყუებულად გრძნობს. ეს პრობლემა აქტუალურია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად დამახასიათებელია განვითარებადი, და უფრო მეტად ღარიბი ქვეყნებისათვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრი საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება და ის ასახავს იმ ქვეყნებში არსებულ რეალობას.
სამომხმარებლო კალათაში შემავალ 12 სასაქონლო ჯგუფს შორის, საიდანაც ინფლაცია იანგარიშება წარმოდგენილია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ხვედრით წილი - 30,3%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (6,7%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (3,6%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8,5%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (6,4%), ჯანმრთელობის დაცვა (8,6%), ტრანსპორტი (12,6%), კავშირგაბმულობა (3,9%), დასვენება, გართობა და კულტურა (5,8%), განათლება (4,6%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (4,0%), სხვა საქონელი და მომსახურება (5,1%).
ერთი შეხედვით აღნიშნული კალათა საკმაოდ დაბალანსებულია და მოიცავს რიგითი მოქალაქისთვის საჭირო ფაქტობრივად ყველა პროდუქტს. თუმცა, საქართველოს და ასევე სხვა განვითარებადი, განსაკუთრებით კი ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის პრობლემას აღნიშნული სასაქონლო ჯგუფების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ვერ ასახავს. კერძოდ, საქართველოსთვის, სადაც მოსახლეობის 20% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, სადაც მოსახლეობის 1/4 პენსიონერია მინიმალური შემოსავლით, სადაც ასეულობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია და ა.შ. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს შედარებით ძვირადღირებულ ელექტროტექნიკაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოზე, ტანსაცმელზე, ავეჯზე, აგრეთვე დასვენებასა და გართობაზე, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების და სხვ. მომსახურებაზე ფასების დინამიკას. შესაბამისად, ზემოთ ხსენებული კალათის ყოვლისმომცველობა ამ შემთხვევაში არა მისი უპირატესობა, არამედ სუსტი მხარეა და ის ადეკვატურად ვერ ასახავს ღარიბი და თანაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას.
საბოლოო ჯამში კი, დღეს მოქმედი მეთოდიკით გაანგარიშებული ინფლაციის საფუძველზე შესაძლოა მიღებულ იქნას არასრულფასოვანი, რომ არ ვთქვათ, მცდარი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით, ცენტრალური ბანკების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ჭრილში. კერძოდ, ხაზგასასმელია ცენტრალური ბანკის მთავარ მიზნად მოსახლეობის ნაკლებად მნიშვნელოვანი პროდუქტებით გაჯერებული სამომხმარებლო კალათის საფუძველზე გაანგარიშებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიჩნევა.
აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია ახალი სტატისტიკური მაჩვენებლების - მანფლაციის (MUNflation) შემოღება.
მანფლაცია სამომხმარებლო კალათაში შემავალი 3 ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის პირველი ასოების კომბინაციაა, კერძოდ: მკურნალობა/ჯანდაცვა (Medication, ხვედრით წილი - 37,5%), კომუნალური მომსახურება (Utilities, 7,5%) და კვება/სურსათი (Nutrition, 55%).
2019 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციამ საქართველოში სულ 2.2 პროცენტი შეადგინა. თუმცა, ცალკე აღებული ფასები სურსათზე - 3,2 პროცენტით, ჯანდაცვაზე - 3,4 პროცენტით და კომუნალურ გადასახდელებზე კი - 1,3 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, მანფლაციის მაჩვენებელმა (წონების გათვალისწინებით) 4,01 შეადგინა, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია ვიდრე ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებელი, — ასეთია მეცნიერების მოსაზრება.
კომერსანტი