აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ინფორმაციით, კალიფორნიის სტარტაპის მიერ ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცი ადამიანისთვის უსაფრთხოა. რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველის ნამდვილი უჯრედებიდან ხორცის წარმოება ცხოველის დაკვლის გარეშე იქნება შესაძლებელი. ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელოვნური ხორცი აშშ-ს სასურსათო მაღაზიებსა და რესტორნებში ხელმისაწვდომი სავარაუდოდ მალე გახდება.
როგორც Washington Post-ი წერს - ათობით მსხვილი კვების კომპანია იბრძვის იმისათვის, რომ ამერიკელი საზოგადოებისთვის კულტივირებული ხორცი მალე იყოს ხელმისაწვდომი. კომპანიები ლაბორატორიაში მოყვანილი სტეიკის, ფრინველის და ზღვის პროდუქტების გასაყიდად ემზადებიან.
FDA-ს განცხადება იმის შესახებ, რომ Emeryville-ში დაფუძნებული Upside Foods-ის კულტივირებული ქათამი უსაფრთხოა საჭმელად, სავარაუდოდ, მომავალ თვეებში უკვე კულტივირებულ ხორცს მთელ შეერთებულ შტატებში გახდის ხელმისაწვდომს, წერს Washington Post-ი.
FDA-ს განცხადების შემდეგ კულტივირებული ხორცი ერთ ნაბიჯით მიუახლოვდა ამერიკელების თეფშს, თუმცა მის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დაბრკოლებები ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა, სანამ ხელოვნური ხორცი ბაზარზე გამოვა თითოეული პროდუქტი ფედერალურმა მარეგულირებელმა ორგანომ უნდა დაამტკიცონ. Upside Foods-ის შეფასებით, მას შემდეგ რაც მათ პროდუქტებს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი დაამტკიცებს, მათი ქათმის ბაზარზე გამოსვლას კიდევ თვეები დასჭირდება.
Upside Foods-ი სიცოცხლისუნარიანი ცხოველური ქსოვილებიდან აგროვებს უჯრედებს და საკვებ ხორცს ბიორეაქტორებში ზრდის. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი ხორცი ნამდვილი ხორცის იდენტურია. ეს ყველაფერი კი, სამომავლოდ, პლანეტაზე კლიმატის ცვლილების შეარბილებს.
ამ დროისთვის სინგაპური ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის პროდუქტები ლეგალურად იყიდება. მიიღებს თუ არა მომხმარებელი ხორცის ამ ფორმას, ჯერ-ჯერობით უცნობია.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა