საქართველოს მოქალაქეები გონივრულ მინიმალურ ხელფასად საშუალოდ 854.1 ლარს ასახელებენ, რაც ოთხჯერ აღემატება დღევანდელ საარსებო მინიმუმს და ასევე მხარს უჭერენ მინიმალური ხელფასის იდეას, - ამის შესახებ ინფორმაციას fes-caucasus ავრცელებს. ეს შედეგი აჩვენა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC Georgia) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich-Ebert-Stiftung) მიერ განხორციელებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომლის პრეზენტაციაც დღეს თბილისში იმართება.
რესპონდენტებს ჰკითხეს აგრეთვე, თუ რა რაოდენობის ხელფასს ელიან ისინი შესაბამისი დასაქმების სფეროებში. „ქართველები საშუალოდ 1200-დან 1400 ლარამდე დაურიცხავ ხელფასს სამართლიანად მიიჩნევენ“, - აღნიშნა ფელიქს ჰეტმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა.
„ეს არის გაცილებით მეტი ანაზღაურება, ვიდრე, მაგალითად, მომსახურების სფეროში უხდიან დასაქმებულებს. ზედმეტად დაბალი ანაზღაურების შეთავაზება შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი დამსაქმებელი კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისამდე ჩიოდა, რომ პერსონალის მოძიება უჭირთ“, - დასძინა ჰეტმა.
მისივე თქმით, მინიმალური ხელფასის შემოღებამ შეიძლება უზრუნველყოს თანაბარი თამაშის პირობები ყველა კომპანიისთვის საქართველოში. „ის ხელს შეუწყობს არსებული სიღარიბის პრობლემასთან ბროლას, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასაქმების მიუხედავად გამოიმუშავებენ უფრო ნაკლებს, ვიდრე თვის ბოლომდე მისაღწევად სჭირდებათ“, - აღნიშნა ჰეტმა.
„გამოკითხულთა 75% მხარს უჭერს საქართველოში მინიმალური ხელფასის არსებობას”, - აღნიშნა დავით სიჭინავამ, „CRRC-საქართველოს“ კვლევების დირექტორმა, რომელმაც კვლევა აპრილის დასაწყისში ჩაატარა. მისივე თქმით, მხოლოდ 12% ეწინააღმდეგება მინიმალური ხელფასის იდეას, ხოლო დანარჩენ 12%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი.
კვლევა 2-7 აპრილის ჩათვლით ჩატარდა და 1 351 ინტერვიუს მოიცავს.
imedinews.ge