საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PMCG–ის შავი ზღვის რეგიონის ლოგისტიკის, პორტის აქტივობისა და საზღვაო კავშირების ომამდე მდგომარეობის კვლევის მიხედვით, 2020 წლის მონაცემების შესწავლის საფუძველზე, შავი ზღვის ზონა გლობალურ სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 3,8%-ს შეადგენდა (2010 წელს ეს ციფრი 4.1% იყო) აქედან, 1.7%-იანი წილით რეგიონში რუსეთის ფედერაცია დომინირებს, თურქეთი კი 1.1%–ით. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ რუსეთსა და თურქეთს რეგიონში ყველაზე დიდი ტერიტორიები აქვთ. თუმცა ორივე ქვეყნის შემთხვევაში 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 8–9%–იანი კლებაა.
ამასობაში, საქართველოს ყველაზე დაბალი სავაჭრო ბრუნვა აქვს შავი ზღვის ქვეყნებს შორის და გლობალური ვაჭრობის მხოლოდ 0.03%–ს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ვაჭრობის მოცულობამ 2010 წლიდან 65%-იანი ზრდა დააფიქსირა, მისი წილი მხოლოდ 0,01%–ით გაიზარდა.
LPI-ის რეიტინგის გათვალისწინებით, შავი ზღვის ქვეყნებს შორის დიდი ვარიაცია ჩანს. თურქეთი ყველა მოცემულ კომპონენტში საუკეთესო შემსრულებელია და 160 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. უფრო მეტიც, თურქეთის ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთესია, ვიდრე შავი ზღვის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურა და 30-ე ადგილზეა მსოფლიოში. თურქეთს მოსდევს რუმინეთი, რომელიც 50-ე ადგილს იკავებს, საქართველო კი ყველაზე ღარიბი მაჩვენებლით 124-ე ადგილზეა წარმოდგენილი.
უნდა აღინიშნოს, რომ LPI-ის რეიტინგები დათვლილია ომის დაწყებამდე და, შესაბამისად, შეიძლება ზუსტად არ ასახავდეს შავი ზღვის ქვეყნების ამჟამინდელ პოზიციას.