ახალი კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ე.წ. ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამების წინააღმდეგაც ეფექტურია. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია Pfizer-ი ავრცელებს.
მკვლევრებმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრილი 20 ადამიანის სისხლის ნიმუში შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პირების სისხლში გამომუშავებულმა ანტისხეულებმა წარმატებულად გაუწიეს წინააღმდეგობა კორონავირუსის ორ ახალ შტამს.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.
19 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი სახეობა გამოავლინეს.
imedinews.ge