დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის შერევა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BBC-ი ავრცელებს.
კვლევამ დაადგინა, რომ ვაქცინების ყველა კომბინაცია ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ძლიერ იმუნიტეტს წარმოქმნის.
„დოზების შერევამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი მოქნილობა მოგვცეს იმუნიტეტის გამაძლიერებელი პროგრამისთვის, ასევე მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნებს, რომლებსაც შემდგომი ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი ვაქცინაციის კამპანიაში და რომლებიც, შესაძლოა, მიწოდების სირთულეებს განიცდიან“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავარი ექიმის მოადგილემ, პროფესორმა ჯონათან ვან-ტამმა.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკვე იყენებს შერეულ დოზებს. ესპანეთი და გერმანია Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინებს სთავაზობენ როგორც მეორე დოზას იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც უკვე მიიღეს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა.
კვლევაში მონაწილეობა 850-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა ასაკი 50 წელს აღემატებოდა. ისინი ოთხკვირიანი შუალედით აცრეს. დადგინდა, რომ AstraZeneca-ს შემდეგ Pfizer-ით აცრა უფრო ეფექტურია, ვიდრე ჯერ Pfizer-ით და შემდეგ AstraZeneca-თი. თუმცა, ორივე ვარიანტში ორგანიზში იმაზე მეტი ანტისხეულები დაფიქსირდა, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც AstraZeneca-ს ორი დოზა მიიღო.
imedinews.ge