ინგლისში, 2017 წელს, ელექტროსიგარეტის დახმარებით, 50 000-ზე მეტმა ადამიანმა სიგარეტის მოწევას თავი დაანება. CNN სამეცნიერო ჟურნალის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგი ერთი წლის მონაცემს ასახავს.
კვლევის თანახმად, ინგლისში ელექტროსიგარეტის მოხმარებელთა რაოდენობა 2011 წლიდან გაიზარდა, თუმცა მაჩვენებელმა კლება უკვე 2015 წლიდან დაიწყო. კვლევამ მოიცვა როგორც 16 წლის, ასევე უფროსი ასაკის 50,498 ადამიანი.
კვლევის ავტორების თქმით, შედეგები, შეიძლება, სხვა ქვეყნებისთვის არ იყოს მისაღები იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისელი მწეველები თავშეკავების მაღალი მოტივაციით გამოირჩევიან.
გარდა ამისა, ქვეყანაში, ელექტროსიგარეტთან დაკავშირებით, ლიბერალური მარეგულირებელი ჩარჩო მოქმედებს.
მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა ელექტროსიგარეტს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებად განიხილავს და მის რეკლამირებას ხელს უწყობს, აშშ-ში მის წინააღმდეგ მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა.
აშშ-ში ელექტროსიგარეტების მომხმარებლებს შორის დაუდგენელი დაავადება გავრცელდა. ამის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ელექტრონული სიგარეტების აკრძალვის გეგმა წარადგინა, ელექტროსიგარეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Juul-ის დირექტორმა კი თანამდებობა დატოვა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში 1080 ადამიანი დაავადდა. მსხვერპლთა რაოდენობამ კი 18-ს მიაღწია.
imedinews.ge