AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების Moderna-ს ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს. აღნიშნულს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.
კვლევის შედეგების თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებმაც AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების პირველი დოზა მიიღეს, ხოლო 9 კვირის შემდეგ, მეორე დოზის სახით Moderna-ს ვაქცინით აიცრნენ, უკეთესი იმუნური პასუხი გამოუმუშავდათ.
„მართლაც კარგი იმუნური პასუხი დავაფიქსირეთ. ფაქტობრივად, უფრო მაღალია, ვიდრე Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზით დადგენილი ზღვარი“, - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, მეთიუ სნეიპმა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებით, თუ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ დოზას Moderna-ს ან Novavax-ის ვაქცინების მეორე დოზა მოჰყვება, ანტისხეულებისა და T-უჯრედების უფრო მაღალი პასუხი ფიქსირდება, ვიდრე AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზის შემთხვევაში.
კვლევამ, რომელშიც 1 070 მოხალისე მონაწილეობდა, ასევე დაადგინა, რომ თუ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველ დოზას Moderna-ს ვაქცინის მეორე დოზა მოჰყვება, იმუნური პასუხი უკეთესია, ვიდრე Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზის შემთხვევაში.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, რომელიც სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა, აღნიშნული ვაქცინების კომბინაციის დროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა.
imedinews.ge