გოდერძის კურორტზე სათხილამურო ტრასები ხვალიდან გაიხსნება— ამის შესახებ ინფორმაცია მთის კურორტების ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.
როგორც „გოდერძი რიზორთის“ დირექტორმა მალხაზ მახარაძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა, სათხილამურო ტრასების ამ დრომდე ვერ გახსნის მიზეზი კი უთოვლობა იყო. ამავე მიზეზს ასახელებს მალხაზ მახარაძე სტუმრების რაოდენობის შემცირებაზეც, თუმცა აღნიშნავს, რომ სეზონის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი და იმედს გამოთქვამს, რომ უცხოელი და არამარტო უცხოელი ვიზიტორებისგან მეტი ინტერესი იქნება.
აღსანიშნავია, რომ კურორტზე არსებული კოტეჯები სახელმწიფოს საკუთრება აღარაა და ის შპს „ხიდი 2006“-მა შეიძინა, ესაა კომპანია რომელსაც რესტორანი „სანრემო“ ეკუთვნის. ამავე კომპანიაზე გასვისდა სასტუმრო „მეტეო“. ამ ეტაპზე კი 24 ნომრიანი კოტეჯები სართულების დამატებით 48 ნომრითაა წარმოდგენილი.
„სათხილამურო ტრასების გახსნას უთოვლობის გამო აყოვნებდა მთის კურორტების სააგენტო, თუმცა 14 იანვრიდან სრიალი ყველას შეეძლება. ასევე შემცირებულია სტუმრების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით. ახლა გოდერძის კურორტზე 6 კოტეჯია, რომელიც გაფართოვდა და გახდა 48 ნომრიანი. 28 დეკემბერს გაიხსნა რესტორანი “გოდერძის ლაუნჯი“, ხოლო „ამბასადორმა“ ყველა მსურველისთვის უფასო საციგურაო მოედანი გახსნა, რამაც გამოაცოცხლა აქაურობა“ - ამბობს მალხაზ მახარაძე
გოდერძის კურორტზე ამჟამად 3 სასრიალო გზაა - ზანკა1, იალა1, იალა2, ასევე გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგიროები, 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა.
მარიამ მორგოშია