საქართველოში 29 მილიონიანი პროექტი იწყება, რომელიც უცხოელი და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს.
საზოგადოებასა და ექსპერტებს შორის უკვე ისმის შეკითხვები ასეთი დიდი ხარჯების მიზანშეწონილობაზე. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ შესაძლებელი იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა უფრო დაბალ ფასად.
ასეა თუ არა ეს? „ბიზნესკონტაქტის“ შეკითხვას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პასუხობს:
- კონკრეტულ ციფრებს სახელშეკრულებო პირობების გამო დღეს ვერ დავასახელებ, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ გაჟღერებულ ციფრებთან შედარებით ჰონორარები არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე ის ვარაუდი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოითქვა. „Check in Georgia“ არის პროექტი, რომელიც არის ბევრად მეტი და უფრო მეტად კომპლექსური ვიდრე ამ 4 ვარსკვლავის ჩამოყვანა. პროექტი აერთიანებს ყველა ტრადიციულ ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტში შედის ოთხი დიდი კონცერტი, ასევე 150-ზე მეტი კონცერტი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე შედის უპრეცედენტო შეთავაზება - თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკონცერტო დარბაზი, რომელიც უსასყიდლოდ დაეთმობათ ჩვენი ქვეყნის შემსურელბლებს, რომლებსაც შეეძლებათ მთლიანი შემოსავალი დაიტოვონ და უსასყიდლოდ ისარგებლონ.
- ვისი მხრიდან მოხდება თანადაფინანსება?
- ბუნებრივია 29 მილიონის ფარგლებში შედის ესეც. ასევე მოიცავს „ჰიტ ბათუმს“, რომელიც 3 თვე გრძელდება. გარდა ამისა, ამაში არა მხოლოდ კულტურის სამინისტროს მონაწილეობა შედის, არამედ სოფლის მეურნეობის სამინისტროც მონაწილეობს.
- ანუ ამ 29 მილიონში მხოლოდ 4 კონცერტი არ შედის.
- იგეგმება ადგილობრივი ნაწარმის -ღვინის, ყველის, თაფლის და სხვა პროდუქტების ფესტივალები. გარემოს დაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული, სპეციალურ ტურებს ამზადებს და სთავაზობს ტურისტულ სააგენტოებს. ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო მასშტაბის და ხანგრძლივობის პროექტი.
- როგორ გამოეხმაურებით „ისთერნ ფრომოუშენის“ მისამართით გაჟღერებულ უკმაყოფილებას?
- ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არცერთ კონცერტში და კულტურულ ღონისძიებებში, არც პირდაპირ და არც ირიბად ეს კომპანია ჩართული არ არის. ერთადერთი, რასაც ეს კომპანია აკეთებს, არის ჯაზ ფესტივალი, რასაც ის ისტორიულად აკეთებდა.
- თუ არის გაწერილი რა სარგებელს ელის ქვეყანა თანხობრივად?
- ეს პროექტი არ არის უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფი და ვარაუდის იმედად არ ვართ. ვგულისხმობ იმას, რომ სატესტო პროექტში „ჰიტ ბათუმი“, რომელიც შარშან ჩატარდა 3 თვის განმავლობაში ძალიან დატვირთული იყო აჭარის კულტურული კალენდარი, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა და 54 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი ნახა აჭარამ და კერძოდ ბათუმმა. შესაბამისად ჩვენ ველოდებით, რომ ასეთი დიდი ვარსკლავების ჩამოსვლას საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღება მოყვება.
- სარგებელი, რაც ამ კონცერტებს მოყვება, კვლავინდებურად სარეზერვო ფონდში დაბრუნდება თუ ახლო მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებების მოსაწყობად რეინვესტირდება?
- პოტენციური ტურისტების ძალიან დიდი ინტერესი მოყვება ამ ვარსკვლავების კონცერტებს. აქცენტს მხოლოდ გარე ტურისტების მოზიდვაზე არ ვაკეთებთ, ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის გააქტიურება. გარდა ამისა, როდესაც ამ დონის ვარსკვლავები მოდიან ქვეყანაში, ყველა საკითხზე წინ მოდის უსაფრთხოების საკითხი და თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანა. მათი ჩამოსვლის ფაქტი ძალიან მკაფიო გზავნილი არის პოტენციური ტურისტებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო, სტაბილური, მზად არის ინფრასტრუქტურული და ადამიანების რესურსით, რომ ამ დონის კონცერტი ჩაატაროს. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რომ სასპონსორო პაკეტების გაყიდვებით შევამციროთ ბიუჯეტზე წნეხი. დარწმუნებულები ვართ, რომ ამას უზარმაზარი ეფექტი მოყვება და დღევანდელი გეგმის მიხედვით ეს პროექტი უნდა გახდეს ტრადიციული.
- ანუ შემოსავლები დაბრუნდება სარეზერვო ფონდში და მომავალში მოხდება რეინვესტირება?
- პრაქტიკულად ეს არის მთავრობის მიერ ინვესტირება ტურიზმის წასახალისებლად.
- როდიდან იქნება ბილეთების შეძენა შესაძლებელი და ვინ იქნება პასუხისმგებელი მათ გაყიდვაზე?
- რამაზოტის კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება რამდენიმე დღეა ინტერნეტში და დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროში, ვინაიდან სპორტის სასახლის სალარო არ არის ისე კარგად მოწყობილი, რომ კომფორტულად შეძლონ ყიდვა. 15 აპრილიდან დაიწყება რობი უილიამსის კონცერტის ბილეთების გაყიდვა, 25 აპრილიდან Maroon 5-ის, ხოსე კარერასის კონცერტის ბილეთები არ იყიდება, იმიტომ რომ ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე თეატრის წინ ჩატარდება და დასწრება უფასო იქნება.