გიგანტურ კუს, რომლის ლიბიდომაც მისი სახეობა გადაშენებისგან იხსნა, ველურ ბუნებაში დააბრუნებენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დიეგო ერთ-ერთი იყო იმ 14 მამრ კუს შორის, რომლებიც სპეციალისტებმა 1960-იან წლებში გალაპაგოსის კუნძულზე გამრავლების პროგრამისთვის შეარჩიეს. 50 წლის წინ კუნძულ ესპანიოლაზე მხოლოდ 2 მამრი და 12 მდედრი გიგანტური კუ ბინადრობდა. პოპულაციის აღსადგენად დიეგო გალაპაგოსის კუნძუზლებზე აშშ-დან, სან დიეგოს ზოოპარკიდან ჩაიყვანეს.
პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, მის ფარგლებში 2 000-ზე მეტი გიგანტური კუ დაიბადა. დიდი წვლილი ამაში დიეგოს მიუძღვის. არსებული მონაცემებით, 100 წლის კუ 800 პატარას მამა გახდა. პროგრამა დასრულდა და მარტში დიეგოს მშობლიურ ესპანიოლაზე გაუშვებენ. იქ 1 800 კუ იცხოვრებს, აქედან 40% დიეგოს შთამომავლები არიან.
Imedinews