„დღეს კრიპტოვალუტის ბაზარი ზუსტად იმ დონეზეა, რომელშიც სამომავლოდ შენარჩუნდება, მეტ-ნაკლები გარდამავალი უპირატესობებით, რადგან მას საკუთარი გამოყენების ნიშა უკავია, მათ შორის ფულის გათეთრების კუთხით, ქრთამის მიცემის და ა.შ“, — განაცხადა საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძემ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“.
მისი თქმით, კრიპტოვალუტას დღეს ყველაზე აქტიურად რუსეთი იყენებს, რადგან ის სანქციების გვერდის ავლით ფულის გადადინებისათვის საუკეთესო საშუალებაა.
„რუსეთი თანხების გადადინებების მიმართულებით დღეს აქტიურად იყენებს კრიპტოვალუტას, საკმაოდ დიდ ოპერაციებისთვის გამოიყენება და ის სანქციების გვერდის ავლისთვის დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ზოგადად სკეპტიკურად ვარ განწყობილი კრიპტოვალუტების მიმართ. კრიპტოვალუტის წარმოშობის მიზეზი იყო ახალგაზრდების მოთხოვნა, რადგან კლასიკური ფული და საბანკო სექტორი ვერ უზრუნველჰყოფდა იმ სისწრაფით, მოცულობით და ხარისხით მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. სწორედ მაშინ შეიქმნა ბიტკოინი, ეს იყო ის საშუალება, როდესაც შენი ფინანსური მდგომარეობა არავინ იცოდა და რომელმაც ზემოთხსენებული პრობლემები თავიდან ბოლომდე გადაჭრა, მათ შორის 24/7-ზე შესაძლებელი იყო ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება, მონაწილეების ფინანსური მდგომარეობა ყველასთვის ფარული იყო და ა.შ. თუმცა ამან გარკვეული პრობლემები შექმნა, რადგან ფინანსისტებმა დაინახეს, რომ კრიპტოვალუტას არ გააჩნია ზურგი და დაიწყეს მისი რეგულირება ან აკრძალვა“, — აღნიშნა დავით კიკვიძემ.