„იმისათვის რომ მოვახდინოთ რაც შეიძლება სწრაფად ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა და მათი მარკეტინგული მხარდაჭერა მსოფლიოში, ეს შესაძლებელია ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა სწრაფი ვაქცინაციის გზით,“— ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აქედან გამომდინარი ვიმუშავებთ სხვადასხვა ასოციაციებთან, რესტორატორთა ასოციაციასთან, სასტუმროების ასოციაციასთან და ა.შ, იმისთვის რომ შედგეს შესაბამისი ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანების სიები და დავიწყოთ მათი ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. შედეგად, ის ორგანიზაციები რომლებშიც თანამშრომელთა უმრავლესობა იქნება აცრილი, ჩაითვლება კოვიდ უსაფრთხო სასტუმროად, რესტორნებად და კომპანიებად, ჩვენ კი მათ გავუწევთ საერთაშორისო ფრომოუშენს და მთელი მსოფლიო გაიგებს რომ საქართველოში ესა თუ ის რესტორანი და სასტუმრო არის კოვიდ უსაფრთხო. ჩვენ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუსს გავატარებთ პრაქტიკაში“, — განმარტა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მიუხედავად პანდემიისა, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ქართულ ავიაბაზარს ემატებიან, ავიაკომპანიები ფრენის სურვილს ძირითადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამოთქვამენ.
„მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, მნიშვნელოვანია რასაც ვხედავთ, რომ არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები ამატებენ ფრენებს, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ავიაბაზარს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს. ვაქცინაცია, რომელიც ამ ყველაფერს დაემატება, უფრო გაამყარებს ტურიზმის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს“, — აღნიშნა თურნავამ.