კორუფციის გარდა ძნელია იპოვო არგუმენტი რის გამოც დეპუტატებმა  აზარტული თამაშების აკრძალვას მხარი არ დაუჭირეს - რითი იმართლებენ თავს დეპუტატები

კორუფციის გარდა ძნელია იპოვო არგუმენტი რის გამოც დეპუტატებმა აზარტული თამაშების აკრძალვას მხარი არ დაუჭირეს - რითი იმართლებენ თავს დეპუტატები

access_time2019-04-09 10:00:51

 6 თვის წინ, ექვსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. ეს იყო კანონმდებლების პირველი მცდელობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცია. მაშინ, როდესაც მმართველ გუნდში ყველა თანხმდება, რომ აზარტული თამაშები ჭარბვალიანობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია, პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ კანონპრექტი ჩააგდო.


კანონპრექტის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი  და ექსპერტები აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი მიზანმიმართულად ჩააგდო, რადგან ხელისუფლებასა და სარეკლამო კომპანიას შორის კორუფციული გარიგება შედგა.

 


კენჭისყრის ანგარიში პარლამენტის ვებ-გვერდზე უკვე დევს. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ კანონპროექტს ჰყავდა 42 მომხრე, 2 წინააღმდეგი, ხოლო 81 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.


 კომერსანტი  დაინტერესდა იმ პარლამენტარების აზრით, რომელთაც ინიციატივას მხარი არ დაუჭირა ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო — ეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ერთ-ერთი საპარლამენტო მეთოდია.


ჩვენი მთავარი და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი კითხვა ასეთია — როგორც სათამაშო ბიზნესის  სპეციალისტები ამბობენ, კორუფციის გარდა არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც პოლიტიკოსს არ უნდა დაეჭირა მხარი აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტისთვის, თქვენ პირადად რატომ არ დაუჭირეთ მხარი კანონპროექტს? 



 “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“  სოფო კილაძე

 

2014  წლიდან ვმუშაობ აზარტული თამაშების თემაზე. შემძლია ვთქვა, რომ მეცნიერულ დონეზე გამოვიკვლიე ეს საკითხი და ყველა ის კატასტროფული შედეგი, რომელიც აზარტულ თამაშებს, მათ შორის ონლაინ თამაშებს მოაქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მე პირადად აზარტულ თამაშებთან მიმართებით ტოტალური აკრძალვის მომხრე ვარ. ჩემი ეს პოზიცია ხმამაღლა დავაფიქსირე კომიტეტზე, როდესაც კანონპროექტს განვიხილავდით. ჩვენ ვაპირებთ ახალი პროექტის შემოტანას და იმ ფორმატში გვექნება დისკუსიები. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დახვეწილ კანონს მივიღებთ.



ნინო გოგუაძე


ნებისმიერი ცვლილება და რეგულაცია რასაც მივიღებთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, პოპულისტური არ უნდა იყოს. კანონი უნდა იყოს ნამდვილად აღსრულებადი და შედეგზე ორიენტირებული. როდესაც ვამბობთ, რომ რეკლამის შეზღუდვა არის პრობლემის მოგვარების გზა, ეს არის ტყუილი.


თქვენ როგორ თვლით, კანონპრექტის მიღება აზარტული თამაშების რეგულირების კუთხით გადადგმული პირველი ნაბიჯი არ იქნებოდა?


მეორე ნაბიჯი რა იქნებოდა? ნაბიჯები იმისთვის არ უნდა იყოს, რომ პირველი ნაბიჯი დავარქვათ. სინამდვილეში აქ მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ ვიფიქროთ, არასრულწლოვნებს როგორ აქვთ წვდომა აზარტულ თამაშებზე და როგორ შეიძლება ისინი ამ პრობლემისგან დავიცვათ. ვიმუშაოთ იმ საკითხზე, როდესაც სხვისი პირადობით ონლაინ რეგისტრირდებიან. ეს მოგვცემს რეალურ შედეგს და არა რეკლამის აკრძალვა. თუ გვინდა კანონში უბრალოდ ჩავწეროთ და ვითომ რაღაც გავაკეთეთ, კი ბატონო, ჩემი აზრით, კანონები ესე არ უნდა მიიღებოდეს.



რევაზ არველაძე


მე ვარ მომხრე საერთოდ აიკრძალოს აზარტული თამაშები. ეს რეკლამის აკრძალვა ნახევარი ღონისძიებაც არ არის, არაფერს არ იძლევა. ძალიან ბევრი ადამიანი გააუბედურა სათამაშო ბიზნესმა. რომ ამბობენ, დიდი თანხა შეაქვს ბიუჯეტშიო, რაც უფრო მეტი შეაქვს, უფრო მეტი გაუბედურებული ადამიანი ჰყავს. შესაძლებელია დაშვებული იყოს მხოლოდ საერთაშორისო დონის კურორტებზე, უცხოელი ტურისტი თუ ჩამოვა, მას შეუძლია აზარტული თამაშებით გაერთოს. მეორედ გამოვა კანონპრექტი ჩასწორებული და შეიძლება მხარი დავუჭირო, მაგრამ ვთვლი, რომ არაფერს არ იძლევა.



მუხრან ვახტანგაძე


მე როგორც ვიცი, დასახვეწია ეს კანონპროექტი. არანაირ კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია.



— თქვენ იცნობით კანონპრექტის?


კანონპრექტის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მე გუნდური პრინციპებით ვმოქმედებ და ჩემი გუნდის გადაწყვეტილებას გვერდს არ ავუვლი. ეს არის და ეს.


ალექსანდრე ქანთარია


მე არ ვიყავი კენჭისყრაზე, შეხვედრაზე ვიყავი გასული. შეიძლება კანონპროექტს რაღაც შესწორებები სჭირდებოდეს, მაგრამ ხმას აუცილებლად მივცემდი. ბუნებრივია, რომ აზარტული თამაშების რეკლამირება არ უნდა ხდებოდეს.



 ლევან ბეჟანიძე

 

 - არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა? არ მახსოვს.  ალბათ გარკვეული საკითხები დასახვეწი იყო. უნდა შემდგარიყო მოლაპარაკებები და შემდეგ გამოსულიყო კენჭისყრაზე.


-  თქვენთვის რა იყო მიუღებელი?


- პრინციპში ვეთანხმები, უბრალოდ გადასაწყვეტი იყო რადიუსი, რამდენ მეტრზე უნდა აკრძალულიყო რეკლამის განთავსება. კორექტირებულ ვარიანტს ალბათ მხარს დავუჭერ.

 

ისკო დასენი


ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების“ დეპუტატი “კომერსანტთან“ საუბარში აცხადებდა, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალავს მხარს დაუჭერდა, თუმცა კენჭისყრაში დასენმა მონაწილეობა არ მიიღო. ჩვენს კითხვაზე რატომ არ დაუჭირა კანონპროექტს მხარი, პარლამენტარი გვპასუხობს:

მე გითხარით, რომ არ მივიღებ მონაწილეობას ამ კანონპროექტის განხილვასა და კენჭისყრაში. საერთოდ, აზარტული თამაშების აკრძალვაზე თუ იქნება კენჭისყრა, მაშინ ხმას მივცემ აკრძალვას.


 

გიგა ბუკია

 

პრინციპი და სულისკვეთება არის აბსოლუტურად მისაღები, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ დეტალები არ იყო ბოლომდე შეთანხმებული, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე. 200 მეტრის აკრძალვის შემთხვევაში გამოდიოდა, რომ რეკლამა თბილისის შემოგარენში ვერსად განთავსდებოდა, რაც გარკვეულწილად სათამაშო ბიზნესის რეკლამირებას ხელს შეუშლიდა. თბილისი არის ტურისტული ქალაქი, ბევრი ტურისტი ამ სფეროთი არის დაინტერესებული. იყო შეთავაზებული, რომ 200 მეტრის ნაცვლად, ყოფილიყო 100 მეტრი, სამწუხაროდ, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხდა. კანონპროექტის ახალ ვარიანტს მხარს აუცილებლად დავუჭერ.

 

გიორგი გაჩეჩილაძე

 

შეხვედრაზე ვიყავი გასული და ვერ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა. ვიცი, რომ ახალი კანონი მზადდება, შეთანხმებული ვარიანტი შემოვა და იქ დეტალურად იქნება ყველაფერი გაწერილი. ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც აღსრულებადია.

 

- 200 მეტრის რადიუსის ცვლილებაზე გაქვს საუბარი?

 

არა ეს დეტალები არ ვიცი, ეს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შესათანხმებელი დეტალებია. მთავარია, რომ აიკრძალება.

 


თენგიზ გუნავა

 

რა მნიშვნელობა აქვს რეკლამა 100 მეტრის მოშორებით იქნება თუ 150? ზოგადად, მე რეგულაციების წინააღმდეგი ვარ. სიმართლე გითხრათ, კანონპრექტის დეტალებში არ ჩავსულვარ, მაგრამ როგორც ამიხსნეს არაა ჩემთვის მისაღები.


— სათამაშო ბიზნესი რეგულაციებში არ უნდა მოექცეს? თუნდაც იმ კუთხით, რომ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის პირადობით არ დარეგისტრირდეს ონლაინ და არ ჩაერთოს აზარტულ თამაშებში?


ამის კონტროლი აუცილებელია. დეტალების დონეზე რაღაცების დარეგულირება შეიძლება.


 — აზარტული თამაშები ჭარბვალიანობის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება.  ყველა ევროპული სახელმწიფო ცდილობს სათამაშო ბიზნესის დარეგულირებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სადაც საუბარია საქართველოზე, აღნიშნულია, რომ აქ აზარტული თამაშები  ფულის გათეთრების ერთ-ერთი საშუალებაა. ასევე  ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ეს სფერო რეგულაციებში უნდა მოექცეს.


  ყველაფერი გასაგებია მაგრამ, რეკლამის ბანერი სად განთავსდება, ეს რომ განსახილველი თემაა, ამას არ ვეთანხმები.


— თქვენი აზრით, კანონმდებლებმა უნდა იმუშაონ სათამაშო ბიზნესის მიმართულებით?


კი, ბატონო, იმუშაონ, რა პრობლემაა.


თქვენ იმუშავებთ?


არ ვიცი ვნახოთ, მიმართულებებს გააჩნია.


— სპეციალისტები აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებასა“ და აზარტული თამაშების ლობისტებს შორის კორუფციული გარიგება შედგა...


— მაგაზე ვერაფერს გეტყვით, ამ საკითხზე შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იმუშაონ.

 


 კომერსანტმა ეს კითხვა სხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც დაუსვა, თუმცა ჩვენ მამუკა მდინარაძისგან (რომელიც კომერსანტის ზარს თითქმის არასდროს პასუხობს) გია ვოლსკისგან, კახა კუჭავასგან, დავით მათიკაშვილისგან, ანრი ოხანაშვილისგან, არჩილ თალაკვაძისგან, ირაკლი სესიაშვილისგან, ზვიად ძიძიგურსიგან, დიმიტრი ხუნდაძისგან და ვანო ზარდიაშვილისგან პასუხის მიღება ვერ შევძელით.

 


ბაჩო ადამია





დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...

23 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა უფასურდება

23 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა უფასურდება
access_time2020-09-23 18:05:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 23...

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის

ქართული მოცვი ევროპაში ვერ გადის
access_time2020-09-23 16:00:59
იმის მიუხედავად, რომ ლურჯ მოცვზე  ევროკავშირში საქართველოდან შესაძლო ექსპორტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამ პროდუქტმა ევროპის ბაზარზე ადგილი ჯერ ვერ დაიმკვიდრა.   2020 წლის განვლილ პერიოდში ექსპორტზე 650 ტ ლურჯი მოცვი გავიდა, თუმცა 99%  რუსეთში გაიყიდა.   კომპანია „ეფკოს“ დირექტორის იოანე მორჩილაძეს თქმით, ქართული ლურჯი მოცვი სრულფასოვნად ევროპაში ექსპორტზე არც გასულა.   „თუ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან რაოდენობაზე, ევროკავშირში...

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე

პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის - კობა გვენეტაძე
access_time2020-09-23 15:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაცვლითი კურსის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს. კობა გვენეტაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძის პოსტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები: „ეროვნულმა ბანკმა XX მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც ვერ გაამყარა“. ეს...


მსგავსი სიახლეები

up