დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.
ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმაურება. როგორც ის სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერს, თუ სებ-ი ისეთივე სიზუსტით განახორციელებს ინტერვენციებს, როგორც გასულ კვირას მოხდა, ეს უკვე იქნება კორუფცია და ლარის კურსით თამაში ვიღაცეების სასარგებლოდ.
„ვაფრთხილებ ეროვნულ ბანკს: ამ დღეებში რომ ინტერვენციებს განახორციელებს, ეს ისეთივე სიზუსტეა, როგორც ორჯერ ორი უდრის ოთხს. თუ ეს განახორციელა ისე, როგორც მოხდა გასულ კვირას, ოთხშაბათს, როცა ეროვნულმა ბანკმა ჯერ გასცა კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხები 2 მილიარდი ლარის ოდენობით, მერე გამოიტანა გასაყიდად 40 მილიონი დოლარი და აღებული სესხებით შეიძინეს ბანკებმა ეს დოლარები, ამას უკვე არ შევაფასებ როგორც შეცდომას და არაკომპეტენტურობას. ეს უკვე იქნება კორუფცია, ლარის კურსით თამაში ვიღაცეების სასარგებლოდ და ბანკებთან გარიგება. როგორც ვპროგნოზირებდი, ისევ ოთხშაბათს, ანუ ხვალ აპირებენ 40 მილიონი დოლარის გაყიდვას, რომელიც ისევე არ მოახდენს გავლენას ლარის კურსზე სასიკეთოდ, როგორც წინა ოთხშაბათს მოხდა“, — წერს რომან გოცირიძე.