კორონომიკა-კორონანომიკა-მედიცინის მძევალი ეკონომიკა

კორონომიკა-კორონანომიკა-მედიცინის მძევალი ეკონომიკა

access_time2020-03-26 20:00:30

„კომერსანტი“ გთავაზობთ  ეკონომისტის,ბიზნესპარტნიორის თანაწამყვანის, მიხეილ ჭუასელის პერსონალურ ბლოგს:


2019 წლის 26 დეკემბერს პნევმონიის 4 არასტანდარტული შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, 30 დეკემბერს დაიწყო მისი გავრცელება, 31 დეკმბერს ვუჰანის ჯანდაცვის კომისიამ განგაშის სიგნალი გადასცა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, 7 ინვარს აღმოჩენილ იქნა 2019-n  Cov ვირუსი, 20 იანვარს ვირუსით გამოწვეულ დაავადებას ეწოდა COVID-19, 23 იანვარს დაიხურა ქალაქი ვუჰანი, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საერთაშორისო მასშტაბით, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. პანდემიის ცენტრმა ჩინეთიდან ევროპაში გადმოინაცვლა. ყველა დიდ ქვეყანაში საგანგებო მდგომარებაა გამოცხადებული, საზღვრები ჩაკეტილია, ადამიანები სახლში არიან გამოკეტილი.


მსოფლიო დღეს სხვანაირია და ხვალ კიდევ უფრო სხვანაირი იქნება.

საქართველოს პასუხი – გლობალური გეგმის ნაწილი

პასუხისმგებლობა ყველა ქვეყანაში, უწინარეს ყოვლისა, მთავრობაზეა.

დღემდე საქართველოს მთავრობა კარგად ართმევს თავს ახალი კორონავირუსის გამოწვევებს, სრულად მართავს პროცესებს და აკონტროლებს სიტუაციას. ყველა გადაწყვეტილება იყო ადეკვატური დროსა და სივრცეში. მათ შორის რეაქცია ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე.


დამცავი და შემზღუდავი პოლიტიკის განხორციელებით საქართველოს მთავრობამ ერთმნიშვნელოვნად სწორი სტრატეგია აირჩია პანდემიასთან ბრძოლაში.


საქართველო არის მცირე, განვითარებადი, ღია და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. იმას, რომ ვართ მცირე, აქვს როგორც უარყოფითი (უფრო მეტად), ისე დადებითი მომენტები. ის, რომ გვაქვს განუვითარებელი ეკონომიკა, უდაოდ უარყოფითია, განსაკუთრებით შოკების მიმართ მდგრადობის თვალსაზრისით; ხოლო ის, რომ ვართ ღია, არის არა იმდენად დადებითი ფაქტორი ჩვენთვის, რამდენადაც აუცილებლობა. ღია ეკონომიკის, გლობალურ პროცესებში ჩართვის გარეშე, ვერ შევძლებთ სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას, რომლის მოცულობით მუდმივად უნდა ვიყოთ უკმაყოფილო.


ბიზნესი არ არის ძალიან ძლიერი, საშუალო ფენა არ არის სტრუქტურიზებული, ანაზღაურება დაბალია, უმუშევრობა მაღალია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ცხოვრობს.


ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენს ეკონომიკას ძალიან გაუჭირდება ამ შოკიდან გამოსვლა.


ჯერჯერობით ჩვენ გავდივართ ეტაპს, როდესაც პანდემიის კონტროლის, ადეკვატური, სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების საკითხი უპირობო პრიორიტეტშია.


ჩვენ ღირსეულად გავიარეთ ეს პერიოდი – ამ პერიოდში დროზე ადრე შემზღუდავი და მკაცრი ღონისძიებების გატარება იქნებოდა გაუმართლებელი, ხოლო დაგვიანება – დამღუპველი.

იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ასევე გავაგრძელებთ ამ მიმართულებით.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


ჩვენს საზოგადოებაში არის მცირე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ გამოჩენილი სიფრთხილე და გატარებული ღონისძიებები იყო და არის გადამეტებული, რომ ვირუსის შიშით ჩვენ „ვკლავთ ეკონომიკას და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვაგდებთ მომავალს“. მიმაჩნია, რომ ეს მცდარი აზრია. მორალურ და ზნეობრივ ასპექტებს არ შევეხები, ეს წერილი ამას არ ეხება.


ეკონომიკური მოლოდინების თვალსაზრისითაც არჩეული პოლიტიკა და სტრატეგია ერთმნიშვნელოვნად გამართლებულია – როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ვირუსთან ბრძოლაში თავს გრძნობს დაცულად, როდესაც ხვდება რომ მთავრობა აკონტროლებს სიტუაციას და მაქსიმალურად ეფექტიანად მუშაობს და თან ისე, რომ არ დგამს ზედმეტად მკაცრ ნაბიჯებს, მისი მოქმედებები უფრო რაციონალურია, რამდენადაც ეს შესაძლებელია ასეთ სიტუაციაში, შესაბამისად მომავალი განჭვრეტადია – ეს არის აქ მთავარი.


და კიდევ ერთი, მე მგონი ერთადერთი შემთხვევაა – როდესაც მოქალაქეების უმარვლესობა ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ხოლო მთავრობა თავს იკავებს ამისაგან. ამ მხრივაც დადებითად გამორჩეულები ვართ.


მაგრამ . . .


როდესაც საზოგადოება ვირუსის ზემოქმედების წნეხიდან გამოვა და ეს მომენტი აუცილებლად დადგება ან მისი (ვირუსის) დამარცხების ან მასთან ადაპტაციის მომენტში; ან თუნდაც დამარცხების ან ადაპტაციის გარეშე მოსახლეობის წინაშე დადგება სურსათის, წამლის და აუცილებელი სადეზინფექციო საშუალებების შეძენის, კომუნალურის გადახდის საკითხი;


როდესაც ბიზნესი, და არა მარტო ე.წ. მოწყვლადი ინდუსტრიებიდან, ვეღარ შეძლებს ნედლეულის და/ან შესაფუთი მასალების შეძენას, ჩამოტანას და წარმოების ციკლი ჩავარდება, ღირებულებათა ჯაჭვი დაირღვევა . . .


ძალიან მინდა, რომ ამ დრომდე უკვე იყოს გეგმა, ეს გეგმა იყოს გაცხადებული, ამ გეგმის მიხედვით გადადგმული იყოს ნაბიჯები და არსებობდეს ე.წ. „დამცავი ბალიშები“, რომ ზემოთ თქმული „როდესაც“ სიტუაციების გადატანა შესაძლო გამწვავებების გარეშე შევძლოთ.


წინამდებარე წერილი ასეთი გეგმისათვის მოსაზრებების ჩამოყალიბების მცდელობაა.

შესაძლოა გაიზიაროთ, ან არ გაიზიაროთ.

კრიტიკა რამდენიც გენებოთ – პირიქით მხოლოდ გამიხარდება, თუნდაც იმიტომ რომ გზას ვნახავთ უკეთესს.


მთავარი ერთი რამ არის – არ გვაქვს დრო და არც იმის შესაძლებლობა დავარცხნილი და ყოველმხრივ გათვლილი, დაანგარიშებული ე.წ. Brand New ეკონომიკური პროგრამა დაიწეროს.


საჭიროა სწრაფი, დროებითი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რომელიც არსებულ გამოწვევებს, კრიზისულ სუტუაციებს და შოკს უპასუხებს.


აჯით დე ალვისი (Ajit de Alwis) – ჩვენ ვაწყდებით იმ სამწუხარო რეალობას, როდესაც ადამიანის სიცოცხლესთან ერთად, ეკონომიკაც შეიძლება გაჩერდეს. როდესაც კავშირები მსოფლიოში მჭიდროა, დამოკიდებულება ერთმანეთზე ძალიან დიდი, როცა წარმოება ინაცვლებს იქ სადაც უფრო მეტი მასშტაბი ეგულება, ღირებულებათა ჯაჭვის წყვეტა გვიჩვენებს აღნიშნული კავშირების და სისტემის სიმყიფეს. კორონომიკა – ეს არის კორონოვირუსის ზეგავლენის და შედეგების ეკონომიკა.


ეკონომიკური ფაქტორები მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რას იზამს ვირუსი და როგორი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ. შესაბამისად ვარაუდები და დაშვებები, უნდა დავიწყოთ მედიცინიდან და ჩვენი პასუხისმგებლობიდან.


დავუშვათ


ვირუსი უკან დაიხევს 2-3 თვის შემდეგ – გვექნება ახალი მედიკამენტები, გაუმჯობესებული იქნება კლინიკური მკურნალობის არსებული კურსი, და ა.შ.;
ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლიანები, დავიცავთ ჰიგიენის წესებს და ამავე პერიოდში შევეჩვევით ვირუსთან ერთად უსაფრთხო თანაცხოვრებას;
2021 წლის შუა პერიოდში ხელმისაწვდმი იქნება ვაქცინა;
ბოლოს და ბოლოს მივეჩვევით ვაქცინაციას – ეს გრძელვადიანი პროგნოზის ნაწილია.
შესაბამისად და ამ დაშვებით ეკონომიკაში:


შოკი არის ღრმა, მაგრამ დროებითი;


მექანიზმები, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული, შესაბამისად უნდა იყოს მარტივი, ატარებდეს დროებით ხასიათს – იმისათვის რომ სიტუაციის ცვლილების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს ძველ რეჟიმზე დარუნება ან ახალ რეჟიმზე გადასვლა. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დროებითი ღონისძიების მუდმივ ღონისძიებად გარდაქმნასაც;


სიტუაციის საყოველთაოობიდან და არაორდინალურობიდან გამომდინარე შესაძლებელია (ვფიქრობ აუცილებლობა უკვე დგას) რამდენიმე მნიშვნელოვანი ზღვრული პარამეტრის გადახედვა (დროებით), იმ დაშვებით, რომ შესაძლებელი იყოს ძველ ნიშნულზე დაბრუნება საშუალო ვადიან პერიოდში. მაგალითად – ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა მთლიან სამამულო პროდუქტთან მიმართებაში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი;
გამოსაყენებელი მექანიზმები და ბერკეტები დევს:


მონეტარულ პოლიტიკაში – შედარებით შეზღუდულად;
ფისკალურ პოლიტიკაში – უფრო მეტად, ვიდრე მონეტარულში;
ეკონომიკის რეგულირებაში.
რა არის მთავარი მიზანი ეკონომიკაში – მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება;


რა არის მოკლევადიანი ამოცანები:



ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა ექსტრემალურ სიტუაციაში;ბიზნესის სტაბილური ფუნქციონირება ძირითად სექტორებში – ღირებულებათა ჯაჭვის უწყვეტობის უზრუნველყოფა;ინდუსტრიებზე, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარლდნენ: ტურიზმი, ტრანსპორტი – ავიაცია, მომსახურების სფერო, ხანგრძლივი მოხმარების და ტანსაცმლით ვაჭრობა, ავტოდილერები, დეველოპმენტი და კომერციული ფართებით ოპერირება, ღვინო, შოკის ზემოქმედების მაქსიმალური შემსუბუქება;მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის დაცემის შემცირება და არსებული შოკის მაქსიმალური შემსუბუქება – ქმედითი, დროებითი სოციალური პაკეტის შემუშავება.


რა არის გრძელვადიანი ამოცანები – ჩემი აზრით მიუხედავად ძალიან კრიტიკული სიტუაციისა, უნდა არსებობდეს ჯგუფი, რომელიც დაამუშავებს პოსტკორონავირუსის პერიოდის მოდელებს და ახალ შესაძლებლობებს საქართველოსათვის – დარწმუნებული ვარ, გვაქვს ასეთი შესაძლებლობები და უპირატესობები, მათ შორის ინდუსტრიული მიმართულებით. რაღაც დროს წარმოება უნდა დავიწყოთ, შევამციროთ დამოკიდებულება მხოლოდ ერთ ინდუსტრიაზე, თუ გვინდა, ვიყოთ უფრო მდგრადი ნებისმიერი შოკის მიმართ. კიდევ ერთხელ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი შესაძლებლობები მოგვეცემა პოსტკორონავირუსის პერიოდში და ისინი უნდა გამოვიყენოთ.


ლადო პაპავა – დღეს ეკონომიკა მედიცინის „მძევალია“. ის, თუ რა ზარალს ნახავს მსოფლიოს თუ საქართველოს ეკონომიკა, ეს უფრო მარჩიელობის სფეროა, რადგანაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის „ფესვები“ არა ეკონომიკაში, არამედ მედიცინაშია, ხოლო ეს უკანასკნელი ჯერჯერობით უძლურია კორონავირუსის დამარცხების ვადებთან დაკავშირებით მეტ–ნაკლებად რეალისტური პროგნოზი გააკეთოს.


რაც ნიშნავს მაკროეკონომიკური სტაბილურობა:



ეკონომიკამ, ბიზნეს – სუბიექტებმა და შინამეურნეობებმა უნდა შეინარჩუნონ ლიკვიდურობა, რომ გააგრძელონ ფუნქციონირება;ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი – აუცილებელია კურსის დასტაბილურება! სასიცოცხლოდ აუცილებელი! დღეს კურსის სტაბილურობა არის განმსაზღვრელი ფაქტორი სხვა მაჩვენებლების შენარჩუნებისათვის. მინიმუმ, აუცილებელია გაცვლითი კურსის 3,08-3,10 ლარი/დოლარზე შენარჩუნება, ეს დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება.


თუ მოვახერხეთ და კურსი დავაბრუნეთ 2,90 – 2,95 ლარი/დოლარზე ნიშნულზე ეს საუკეთესო შედეგი იქნება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართებული ნაბიჯები გადავდგით. არსებულ ნიშნულზე ზემოთ კურსის წასვლა ანუ ლარის უფრო მეტი გაუფასურება უნდა მივიჩნიოთ შეცდომით გატარებულ პოლიტიკად. თუ რატომ ამის პასუხი არის ინფლაციის მაჩვენებლში;ლარი/დოლარის არსებული გაცვლითი კურსის 3,08 – 3,10 შენარჩუნების შემთხვევაში ინფლაცია 6-7%-ზე იქნება, ანუ გაიმეორებს 2019 წლის მაჩვენებელს – ეს იქნება დამაკმაყოფილებელი შედეგი. კურსის გაუმჯობესების შემთხვევაში (2,90-2,95) უნდა ველოდოთ ინფლაციის შემცირებას მიზნობრივი მაჩვენებლების 3%-ის მიმართულებით წლის ბოლოსთვის, რაც წარმატებულად გატარებულ პოლიტიკად უნდა მივიჩნიოთ.


ინფლაციის ყველა სხვა, უფრო მაღალი შედეგი უნდა მივიჩნიოთ შეცდომით გატარებულ პოლიტიკად. თუ რატომ ამის პასუხი არის მოხმარების სტრუქტურაში;
მოხმარების სტრუქტურის ცვლილება – შინამეურნეობებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სურსათის, მედიკამენტების და სადეზინფექციო საშუალებების მოხმარების წილი, სადაც ინფლაციის მაჩვენებელი ტრადიციულად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად უფრო მაღალია, შესაბამისად, ეს ფაქტორი გასათვალისწინებელი იქნება, რაც ეროვნული ბანკისაგან უფრო მეტ წინდახედულებას მოითხოვს თავისუფალი მცურავი კურსის პოლიტიკის გატარებისას;ბიუჯეტის დეფიციტი – დაგეგმილია 3%-ზე ქვემოთ, მოცემულ სიტუაციაში დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ დეფიციტის გადახედვა მისი გაზრდის მიმართულებით. ვფიქრობ 5% შესაძლოა არ იყოს საკმარისი, მაგრამ ამ მექნიზმს აქვს შეზღუდვა, რომელიც ფისკალური პოლიტიკის ნაწილში არის განმარტებული;


სახელმწიფო ვალი – დღეისათვის სახელმწიფო ვალდებულებები მთლიან სამამულო პროდუქტთან მიმართებაში 40%-ის დონეზეა, რაც კარგი მაჩვენებელია, ეს გვაძლევს საშუალებას უფრო თამამად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. მით უფრო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა დამატებითი თანხების მობილიზაციის შესახებ ღიად განაცხადეს და მიმართეს ქვეყნებს დაიწყონ მათთან მოლაპარაკება ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმისათვის რომ ქვეყნებში არსებული პრობლემები იქნეს გადაფარული;


ბიუჯეტის ხარჯების ეფექტიანობა – არსებულ სიტუაციაში ხარჯები აუცილებლად გადასახედი იქნება – უწინარეს ყოვლისა ჯანდაცვაზე, ეკონომიკური ზრდის სტიმულირების ფისკალური მდგენელის გაძლიერებასა და დროებითი სოციალური პაკეტის ასიგნებებისათვის.



ბარი ეიჰენგრინი (Bary Eihengreen) – კორონანომიქსი 101 – პანდემია კოვიდ-19-თან ბრძოლაში ეკონომისტებმა, ადამიანებმა რომლებიც ქმნიან ეკონომიკურ პოლიტიკას, ინსტიტუციებმა, როგორიცაა G7 უნდა აღიარონ რომ „ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი“ პირველ რიგში გულისხმობს იმ ინსტრუმენტებს, რომელიც გამოიყენება ექიმების და ეპიდემიოლოგების მიერ.


მონეტარული პოლიტიკა


წარმოდგენილი სამთავრობო წინადადებები მონეტარული პოლიტიკის მხრივ არ გვაძლევს პასუხს, ის მხოლოდ კომერციული ბანკების მიმართ ინიციატივებით შემოიფარგლა. სავარაუდოდ მთავრობა ელოდებოდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომას, რაც ფორმალურად სწორია – ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია.


ეროვნული ბანკისაგან დამოუკიდებლად მთავრობის ინიციატივები კომერციული კრედიტების მიმართ შემდეგია:


ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას, რაც ნიშნავს მარტო სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 100 მილიონი ლარის რესურსის გამოთავისუფლებას;სასტუმროებს, რომელთაც აქვთ 4-50 სასტუმრო ნომრამდე 6 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის პროცენტს დაუფარავს სახელმწიფო;ფიზიკურ პირებზე გავრცელდა 3 თვიანი სასესხო შეღავათი;ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი განცხადების გაკეთება არ აღმოჩნდა საკმარისი სიტუაციის დასამშვიდებლად. ეს მოსალოდნელი იყო. განცხადების ტექსტი არ იყო მარტივი, უფრო აკადემური ახსნა იყო მდგომარეობის, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტის განცხადება. კომიტეტის მოწვევაც შეიძლებოდა უფრო ადრე. კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ მისღებად უნდა მივიჩნიოთ იმ აუცილებელი (!) დაშვებით, რომ მოვიზიდავთ სავალუტო რესურსებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან.


ცალკეული ინტერვენციები საქმეს ვერ უშველის. ეს დაადასტურა რამდენიმე დღის წინ გაყიდულმა 20 მილიონმა აშშ დოლარის და შემდეგ 40 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენციამ.


ხელისუფლების ცალკეული ოპონენტები ითხოვენ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და ბანკებისათვის რეფინანსირების კრედიტების შეჩერებას.


მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების მყისიერ ზრდას, მაგრამ შედარებით გვიან, მოგვცემს ზეგავლენას ლარის გაცვლით კურსზე. ამ დროისათვის შოკი, მთავარი დაშვების მიხედვით 2-3 თვიანი პერიოდი, გავლილი იქნება. როგორც ცალკე აღებული ღონისძიება ის ნაკლებად ეფქტიანია.რეფინანსირების კრედიტების შეჩერება ბანკებისათვის, შეაჩერებს ფულის მასის ზრდას ბრუნვაში და ზეწოლას გაცვლით კურსზე, რაც ეფექტიანი მექანიზმია.


მაგრამ რამდენად ეხმიანება ეს იმ მოთხოვნებს, რომელიც ეკონომიკის წინაშე დგას?


ეკონომიკას, ბიზნესს, შინამეურნეობებს დღეს ლიკვიდურობის პრობლემა აწუხებთ, ლარის გაცვლით კურსთან ერთად.ლარის შეზღუდვით ლიკვიდურობის პრობლემას ვაღრმავებთ, კურსს ხელონურად ვიჭერთ, მოთხოვნას, რომელიც მკვეთრად დავარდება, აჟიოტაჟური მოთხოვნის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავარტყამთ, საბოლოოდ ეკონომიკას „გავგუდავთ“.


პრობლემას კომპლექსურად ვერ მოხსნის და ეკონომიკის სტიმულირებას ვერ მოახდენს „მცირე“ ლარი. დღევანდელ სიტუაციაში მთავარია გავზარდოთ ვალუტის მიწოდება ეკონომიკაში, რომლის მოზიდვა შეგვიძლია და უნდა შევძლოთ.


მონეტარული პოლიტიკის კუთხით ყველაზე ეფექტიანი იქნება კომპლექსური მიდგომა, რომელმაც უნდა მოიცვას შემდეგი ღონისძიებები:


რეფინანსირების კრედიტების არა გაჩერება, არამედ მიწოდება ვალუტის მიწოდების ადეკვატურად, რაც თავისთავად გულისხმობს უკვე გარკვეულ პარამეტრზე მის დამოკიდებულებას;


აშშ დოლარში ბანკებისათვის სავალდებულო რეზერვების მოთხოვნის დაწევა 15%-მდე. მსოფლიოში მიმდინარეობს დოლარზე პროცენტის დაწევა – ჩვენ შევდივართ იაფი დოლარის პერიოდში, რაც ჩვენთან კრედიტების პროცენტზეც აისახება, ამ უკანასკნელის გათვალისწინებით სავალუტო სესხების სტიმულირებას მოვახდენთ, ეს კი დადებითად იმოქმედებს გაცვლით კურსზე;ამ ფონზე შოკური მოთხოვნის პირობებში ინტერვენციების უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარებას სპეკულაციური მოთხოვნების ჩასაქრობად.


და მხოლოდ როგორც უკიდურეს მექანიზმს, ყველაზე ბოლოს განვიხილავდი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას.


ამას ემატება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი სესხებზე რეგულაციების მნიშვნელოვანი შემსუბუქება, მაგალითად 200 ათასიანი ზღვარის დაწევა ან მოცემულ ეტაპზე საერთოდ გაუქმება, რომელიც დამატებითი ფაქტორი იქნება კურსზე ზეწოლის მოსახსნელად.


ამ ყველაფრის პარალელურად დღესვე (გუშინ) უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომ მივიღოთ დამატებითი სესხები მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის, რაც უზრუნველყოფს კურსის სტაბილურობას და შესაბამისად სხვა პარამეტრების სტაბილურობას.


როდესაც მოსახლეობისათვის სესხების და განვადებების მომსახურებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის პროგრამას ჯერ-ჯერობით მხოლოდ ოთხი ბანკი შეუერთდა. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება სხვა ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებთან დაკავშირებით. საჭიროა რომ ერთიანი პოლიტიკა განხორციელდეს – შეღავათი უნდა იყოს ყველა საფინანსო ინსტიტუტზე გავრცელებული და ყველა მათგანი უნდა იყოს სოლიდარული.


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოცხადებული განვადებები. აქ დამატებითი რეგულაციების შემოღებით ვერაფერს გავხდებით. მინიმუმ ამ განვადებებზეც უნდა გავრცელდეს იგივე ტიპის შეღავათები, ხოლო მაქსიმუმ ყველა განვადება უნდა იყოს საბანკო სფეროში მოქცეული, მაგრამ არა ე.წ. „რეგულირებული“ პირობებით.


მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სხვა ბანკების შემოერთება ოთხი უმსხვილესი სისტემური ბანკის ინიციატივასთან, ასევე, ყველა სახის არასაბანკო განვადების საბანკო სესხად გარდაქმნა, მოქცევა საბანკო სექტროში არსებულ რისკებს პასუხისმგებლიანი დაკრეტიდების კუთხით გახდის განჭვრეტადს და მართვადს, შეამსუბუქებს ძირითადად შინამეურნეობების ფინანსურ ტვირთს.


კომერციული ბანკების მხრიდან ბიზნესის და შინამეურნეობების მხარდაჭერა – მოქნილი პოლიტიკის გატრება უკვე საგრძნობია, რაც უდაოდ მისასალმებელი და მხარდასაჭერია.


მათი მხრიდან მეტად ანალიტიკური მასალების მოწოდება ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ბიზნესისათვის.


ფისკალური პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა:


გადაუვადებს მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელ ქონების და საშემოსავლო გადასახადებს ტურისტულ ბიზნესს;გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს);ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა 300 მლნ ლარით.


ასევე, გაჟღერდა ბიუჯეტის სხვა ხარჯების გაზრდის და ბიუჯეტის დეფიციტის გადახედვის გადაწყვეტილება. მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა დამატებით კიდევ მიიღოს გადაწყვეტილებები ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით. ასეთი გადაწყვეტილებების გეგმა უნდა არსებობდეს სცენარების შესაბამისად.


ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან გაჟღერდა მხოლოდ ერთი მიმართულება, ფისკალურ ნაწილში გადასახადების შემცირება, როგორც ყველაზე ეფექტიანი იმისათვის, რომ არსებული შოკი მაქსიმალურად შემსუბუქებული ფორმით გადაიტანოს მოსახლეობამ. ეს შეეხებოდა დღგ-ს გადამხდელთა მინიმუმის გაზრდას, საშემოსავლო და ქონების გადასახადების შემცირებას.


ვფიქრობ, რომ ფისკალური სტიმული ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მრავალწახნაგოვანია, ვიდრე სხვა მექანიზმები. მთავარი საკითხი არის ლიკვიდურობის პრობლემის გადაწყვეტა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება.


უნდა გვახსოვდეს მთავარი დაშვება, რომ შოკი არის დროებითი, და გასატარებელი ღონისძიებებიც უნდა იყოს დროებითი, მარტივი შინაარსის და, რაც მთავარია, დანერგვის თვალსაზრისით, ასევე მარტივი გაუქმების კუთხით.


მოცემულ ეტაპზე საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადება ტურისტული და მასთან დაკავშირებული სექტორისათვის უდაოდ სწორი და დროული ღონისძიებაა, მაგრამ აშკარად არასაკმარისი. მოცემულ ოთხთვიან პერიოდში ყველა სექტორისათვის უნდა მოხდეს ასეთი გადავადება იგივე 4 თვიანი ვადით.


ასევე, დამატებით შესაძლებელია:


ავანსად მიღებული თანხების გათავისუფლება დამატებული ღირებულების გადასახადისგან;იმპორტის განხორციელების დროს „ოქროს სიის“ პრინციპის აღდგენა, თუნდაც შეზღუდული რაოდენობის კომპანიებისათვის იმპორტის დროს გადასახადების გადახდის 5-დღიანი ვადა გაიზარდოს 30 დღემდე.მოგების გადასახადის განულება და შემდგომში საერთოდ გაუქმება (არა დროებითი ღონისძიება).


იმ შემთხვევაში, თუ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ვიმეორებ, ისევ როგორც დროებითი ღონისძიება, შესაძლებელია დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შემცირება 18%-დან 15%-მდე, იმ გათვლით, რომ მინიმალური ზღვარის გაზრდა არ არის გამოსავალი ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით; და ბოლოს, სიტუაციიდან გამომდინარე საპენსიო ფონდის ანარიცხების შემცირება, ეს ერთის მხრივ ეკონომიკაში დატოვებდა თანხებს, მეორეს მხრივ ბიუჯეტის ხარჯებსაც დაზოგავდა და მიმდინარე გადაუდებელი სოციალური გასაცემლებისაკენ იქნებოდა მიმართული.


ეს ნაბიჯები ლიკვიდურობის გაზრდისაკენ იქნება მიმართული, და, რაც მთავარია, ეტაპობრივად სიტუაციის გამწვავებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს.


გადასახადების გადავადებასთან ერთად, რომლის დადებითი ეფექტი სწრაფად აისახება ბიზნესებსა და შინამეურნეობებზე, მნიშვნელოვანია სხვა ფისკალური სტიმულების ამოქმედება.


ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ეფექტს შედარებით უფრო გვიან მოიტანს. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ოპერაცული პრობლემების წარმოქმნა (ირანის და ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებით).


იუვალ ნოა ჰარარი (Yuval Noah Harari) – ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს კორონავირუსის კრიზისიდან ამოსვლას დამოუკიდებლად. ჩვენ გვჭირდება გლობალური გეგმა. ჯერჯერობით მსოფლიო ლიდერებს არც კი განუხილავთ მსგავსი გეგმა. რას ელოდებიან? და როგორი შეიძლება იყოს ასეთი გეგმა?!

გადასახედი იქნება ბიუჯეტის ხარჯებიც.

პირველი პრიორიტეტი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხი არის ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა. ჯანდაცვამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს მის ეფექტურ, დროსა და სივრცეში გამართულ ფუნქციონირებას.


უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსს ფული ვერ ამარცხებს, მას ამარცხებს დრო და სწორი მენჯმენტი, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ დროს და გამართულ მენეჯმენტს ძალიან გაუჭირდება ფულის გარეშე.


შემდეგი პრიორიტეტი და ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხი არის ახალი, დროებითი და გადაუდებელი სოციალური პაკეტის შეთავაზება მოსახლეობისათვის. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი, ცხოვრების ელემენტარული პირობების გარეშე და მათთვის ამ პირობების შექმნა იქნება გადამწყვეტი მომენტი ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის და შემდეგ სწრაფი რეაბილიტაციის საქმეში. აღნიშნული პაკეტი უნდა მოიცავდეს მინიმალური კომუნალური ხარჯების დაფინანსების, უმუშევრობის კომპენსირების დროებით სქემას, სხვა ტიპის სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებებს.


სოციალური პაკეტის მონაცვლე შესაძლოა გახდეს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ქვეშ არსებული მეწარმეობის წახალისების პროექტების ნაწილობრივი რეორიენტაცია, იმპორტის ჩამნაცვლებელი სექტორების საბრუნავი საშუალებებით უზრუნველყოფის მიმართულებით – ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება დასაქმების და ღირსეული ანაზღაურების მიღების თვალსაზრისით.


გაჩნდება მოსაზრება: ვამცირებთ გადასახადებს და ვზრდით ხარჯებს, საიდან ვაფინანსებთ?


პირველი, მიგვაჩნია, რომ ხარჯების რეორიენტაციის რესურსი ბიუჯეტში არსებობს;


მეორე, ზემოთ უკვე აღვნიშნე ბიჯეტის დეფიციტი, რომლის გადახედვა იქნება მნიშვნელოვანი ფისკლაური სტიმული ეკონომიკისათვის, მაგრამ აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვა, რომ დეფიციტის დაფარვის საუკეთესო წყარო იქნება გარედან მოტანილი რესურსები იმისათვის, რომ არ მოხდეს დაწოლა ლარის გაცვლით კურსზე და, შესაბამისად, ინფლაციაზე.


სახელმწიფოს მხრიდან ახალი ვალდებულების აღების შესაძლებლობა და აუცილებლობა – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ სპეციალური პროგრამით ფინანსების გამოყოფა მხოლოდ მისასალმებელი იქნება, ვინაიდან ძალიან სწრაფად მოგვცემს საშუალებას გაგვიჩნდეს აუცილებელი რესურსები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა იყოს სწრაფი და ეფექტიანი ამ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების კუთხით, რომ დროულად იქნეს მიღებული დაფინანსება.


და ბოლოს, ეკონომიკის სტიმულირების დიდი რეზერვია რეგულირების სფეროში.


ძალიან მნიშნელოვანია, რომ არ მოხდეს ახალი რეგულირების მექანიზმების შემოღება, ვიდრე არ იქნება ბოლომდე ამოწურული ის უარყოფითი ეფექტი, რაც ვირუსმა მიაყენა ეკონომიკას.


უნდა გადაიხედოს წინა პერიოდში მიღებული ყველა რეგულირება, უნდა მოხდეს მათი დროებით შეჩერება მაინც.მხოლოდ ღონისძიებათა კომპლექსური გეგმით არის შესაძლებელი არსებული გამოწვევის დაძლევა.


ამ გამოწვევას დრო დაამარცხებს, რამდენად დიდი დრო დასჭირდება გამარჯვებას იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დროულად ვიქნებით მზად კორონომიკისათვის პასუხის გასაცემად.


საქართველოს პასუხი უნდა იყოს დროული, ქმედითი და ეფექტიანი.

შეგვიძლია.


მიხეილ ჭკუასელი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up