შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook ლაივის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, მისი უწყება მომავალ კვირაში აპირებს, საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდეს, რომ ადამიანებს ვაქცინის 2 დოზის მიღების შემთხვევაში შეღავათები ჰქონდეთ. გამყრელიძის თქმით, რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გარე სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა, ასევე, მათთვის არ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა.
„ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის - იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი... რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იქნას აცრილი.
ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი კვირის განმავლობაში, უკვე, დაახლოებით, 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქე და ამ ადამიანებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან და შესაბამისად ეს გახმოვანებული იქნება, მეტი სტიმული ადამიანებისა, რომ აიცრან. პანდემია აცრის გარეშე არ დასრულდება და რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო სწრაფად დაესმება წერტილი ეპიდემიას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
imedinews.ge