ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში სწრაფი კვების რესტორნების ქსელ McDonaldʼs-ის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ერთ-ერთ რესტორანში შავკანიანების შესვლა იყო აკრძალული. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, ქალაქის ერთ-ერთ სამრეწველო რაიონში მდებარე რესტორანი ამ ეტაპზე დაკეტილია და მიმდინარეობს შიდა მოკვლევა.
გუანჯოუში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აფრიკული თემი ცხოვრობს, თუმცა ურთიერთობა ჩინელებსა და აფრიკელებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც გავრცელდა ინფორმაცია აფრიკულ თემში კორონავირუსის ეპიდაფეთქების შესახებ. თემის ლიდერების განცხადებით, კონფლიქტების შედეგად ასობით ადამიანს თავიანთი სახლები დაატოვებინეს და კარანტინში გადაიყვანეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge