პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების ეტაპობრივად შერბილების პარალელურად, ბიზნესი ბოლო თვეებში მიღებულ ზარალს ითვლის. მათ შორისაა „მაკდონალდს საქართველოც“, რომელმაც რეკომენდაციების გათვალისწინებით, სტუმრების დარბაზში მიღება 19 მარტს შეწყვიტა და მას შემდეგ მხოლოდ „დრაივსა“ და მიწოდების სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს.
„მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერის ალექსანდრე შენგელიას თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, რესტორნების გაყიდვები 50%-ით, ხოლო მომხმარებლების რაოდენობა 60%-ით შემცირდა.
„კორონავირუსის გამო, „მაკდონალდსი“, როგორც კვების ინდუსტრიის ყველაზე დიდი წარმომადგენელი ბაზარზე, სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა. ამ პერიოდის მანძილზე „მაკდონალდსის“ გუნდი დაუღალავად მუშაობდა კრიზისის საპასუხო ნაბიჯების შემუშავებასა და განხორციელებაზე. რა თქმა უნდა გვაქვს ზარალიც, თუმცა ჩვენი კომპანიის განაწესიდან გამომდინარე ამაზე საუბარი არ შეგვიძლია“,-განაცხადა ალექსანდრე შენგელიამ.
როგორც „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, მათ ქსელს მიღებული აქვს ყველანარი ზომები, რომელიც ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას უკავშირდება.
„სამოქმედო გეგმა გვაქვს გაწერილი და მზად ვიქნებით კრიზისთან ბრძოლის მომდევნო ეტაპებისთვისაც. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი უკვე აქტიურად მუშაობს, რათა მომზადებული შეხვდეს რესტორნების გახსნის პერიოდს. დაგეგმილია როგორც ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ისე - ცვლილებები ოპერირებაში: ვაუქმებთ დარბაზში დასაჯდომი ადგილების ნაწილს, რათა მაგიდებს შორის დაცული იყოს დისტანცია; მომხმარებელთათვის იფუნქციონირებს ხელის სადეზინფექციო წერტილები; სალაროსთან დამონტაჟდება მინები და მომხმარებლებსა და პერსონალს არ ექნებათ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი“,— განაცხადა ალესანდრე შენგელიამ.
ნათია ლომიძე