საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ორივე ახალი შემთხვევა ე.წ. იტალიის კლასტერს უკავშირდება. ინფორმაცია ამის შესახებ „იმედს“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა, მარიამ ენდელაძემ დაუდასტურა.
„ორივე ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არაა, აქვთ მსუბუქად გამოხატული სიმპტომატიკა. მათი პასუხები გვიან ღამით მივიღეთ. კლინიკაში ამ მომენტისთვის 37 პაციენტი იმყოფება, 15 მათგანისგან ანალიზები ჯერ არ აგვიღია. ამ ეტაპისათვის აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს“, - განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge