კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
„ეპიდემიებისა და პანდემიების გამოწვევის პოტენციალის მქონე ახალი ვირუსების გაჩენა ბუნების ფაქტია. SARS-CoV-2 უახლესი ასეთი ვირუსია, თუმცა ის ბოლო არ იქნება“, - აღნიშნა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
ჯანმოს ახალი სამუშაო ჯგუფი კონსულტაციებს გაუწევს ორგანიზაციას მომავალი დაავადებების გამოძიების საკითხზე და ასევე კორონავირუსის წარმოშობას შეისწავლის.
ახალი ჯგუფი უფრო მუდმივი ორგანო იქნება, რათა თავიდან აიცილოს პოლიტიზირების ბრალდება მომავალი პანდემიების დროს.
24 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიში წარუდგინეს. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ზუსტი წარმოშობის შესახებ საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდნენ.
30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.
imedinews.ge