ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლარნაკა-ბათუმის სპეცრეისით 99 ადამიანი დაბრუნდა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მგზავრები, სპეციალური ავტობუსებით სასტუმროებში – „ეიფორია“, „ლეჯენდი“ და „სითი“ მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.
ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3746 ადამიანია განთავსებული. რაც შეეხება აჭარას, რეგიონში კარანტინშია 1162 ადამიანი.
საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ლარნაკადან თბილისშიც განხორციელდა.
საქართველოში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
Imedinews.ge