კორონავირუსის გამო, პოლონეთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში ორი კვირით სასწავლო პროცესი შეწყდა. კინოებმა, თეატრებმა და მუზეუმებმა მუშაობა შეაჩერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცლებასთან დაკავშირებით, პოლონეთში დღეს მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა.პოლონეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 26 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ევროპულ ქვეყნებში დაავადების გავრცელების ტემპის გათვალისწინებით, ქვეყნის მთავრობამ პრევენციული ზომების მიღება გადაწყვიტა.
„ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუმცა იტალიის მაგალითზე ვხედავთ, რომ ვითარება შეიძლება, უფრო რთული იყოს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.
ჯანდაცვის მინისტრი ლუკაშ ჟუმოვსკი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტის პერიოდში ბავშვები სახლებში დარჩნენ და თავი შეიკავონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან.
1tv.ge