ბოლო პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსის გამო ბევრი ბიზნეს კომპანია დაზარალდა. apple, zara, louis vuitton – ეს ის უდიდესი კომპანიებია, რომლის მწარმოებლების აქციების ღირებულება ჩინური ვირუსის გამო გააუფასურდა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გავლენა ექნება საქართველოს ბაზარზე ვირუსს, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს ბაზრზე ჩინური პროდუქცია საკმაოდ დიდი მასშტაბითაა წარმოდგენილი, როგორც სასურსათო პროდუქციით ასევე ტექნიკითა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონლით.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ობიექტი „ლილო მოლის“ დირექტორი გიორგი კვარაცხელია გვიდასტურებს, რომ სივრცეში არსებულმა მაღაზიებმა ჩინეთიდან საქონლის შემოტანა შეაჩერეს და ბიზნესის გადაწყობას სხვა ქვეყანაზე აპირებენ.
„ლილოში ტექნიკისა და სათამაშოების მაღაზიებმა საქონლის შემოტანა შეაჩერეს, მიზეზი ვირუსია და ცდილობენ ამ პერიოდში როგორც საკუთარი თავი, ასევე მომხმარებლებიც დაიცვან. ეს პერიოდი საკმაოდ პასიურია სავაჭრო მიმართულებით, თუმცა, გამომდინარე აქედან მაღაზიებს აქვთ მარაგი და ჯერჯერობით ახერხებენ რელიზაციას. მის ამოწურვამდე კი მოიძიეს ალტერნატიული გზა , ისინი საქონელს თურქეთიდან და დუბაიდან შემოიტანენ. რაც შეეხება ჩინეთის ბაზარს, როდესაც დასტაბილურდება ქართული მხარე მათთან ისევ განაგრძობს თანამშრომლობას,“-ამბობს გიორგი კვარაცხელია.
„კორონა ვირუსის გამო არ შემიწყვეტია სათამაშოების შემოტანა და არც სამომავლოდ ვაპირებ, რადგან ამ მიმართულებით საფრთხეს ვერ ვხედავ“- ეს განცხადება საბავშო სათამაშოების მაღაზია „ჰეფი დეის“ წარმომადგენელმა „კომერსანტთან“ გააკეთა.
„ჯერ მარაგი მაქვს, თან ამ პანიკის დროს ნამდვილად არ შემომიტანია. ფიზიკურად არ გვჭირდება ახალი საქონლის შემოტანა, თუმცა აუცილებლად შემოვიტან, რადგან ეს არ არის საკვები ან რაიმე ცოცხალი ორგანიზმი. ჩამოტანას დისტანციურად ვაპირებ აქედან შევუკვეთავ პირადად მე არ ჩავალ რა თქმა უნდა.“-აღნიშნავს „ჰეფი დეის“ წარმომადგენელი.
კითხვაზე, გააძვირებს თუ არა საქონელს ტექნიკისა და სათამაშოების ბიზნესის გადაწყობა დუბაისა და თურქეთის ბაზარზე, „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ ეს პროცესი ფასზე მნიშვნელოვნად არ აისახება.
„მართალია ჩინეთი ძალიან მსხვილი მწარმოებელია და მნიშვნელოვნად აიაფებს ბაზარს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დუბაიზე და თურქეთზე ბაზრის გადაწყობა პროდუქციას არ გააძვირებს. ახლა რომ მაღაზიებს შეჩერებული აქვთ იმპორტი ეს ლოგიკურია. თუმცა ფასების დაბალანსება დამოკიდებულია, ადგილობრივ ბაზარზე, თუ როგორი მოთხოვნა იქნება. მსყიდველუნარიანობა გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის პირობებში შემცირებულია, შესაბამისად, ფასების ზრდას ტექნიკაზე ან მსგავს საქონელზე მე დიდად არ ველოდები.ჩინეთთან დღეს სავაჭრო ურთიერთობები აღარ არის ისეთი აქტიური, თუმცა, მე ვფიქრობ რომ ეს დროის საკითხია და სიტუაცია დასტაბილურდება.“-ამბობს გიორგი კეპულაძე.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა კორონავირუსის შესახებ ინფორმაცვია 2020 წლის 21 იანვარს დაადასტურა და ისიც ცნობილი გახდა, რომ ვირუსი გადამდებია. ჩინეთის შემდეგ ვირუსი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელდა, რამაც საზღვრების ჩაკეტვა და ზოგ შემთხვევაში ჩინეთიდან იმპორტის შეჩერებაც გამოიწვია.
ნათია ლომიძე