გაერთიანებული სამეფო სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მოქალაქეების შესვლას კრძალავს.
მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზანი კორონავირუსის ახალი, ბრაზილიაში დაფიქსირებული ვარიანტის ქვეყანაში გავრცელების პრევენციაა.
აკრძალვა ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ არგენტინაში, ბრაზილიაში, ბოლივიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, ეკვადორში, საფრანგეთის გვიანაში, გაიანაში, პარაგვაიში, პერუში, სურინამში, ურუგვაისა და ვენესუელაში. შეზღუდვა ასევე შეეხება პორტუგალიასა და კაბო-ვერდეს.
ამასთან, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მოქალაქეებს, ასევე იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც გაერთიანებულ სამეფოში ბინადრობის უფლება აქვთ, დაბრუნების ნებართვა ეძლევათ, მაგრამ ქვეყანაში შესვლის შემდეგ 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.
წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ბრაზილიაში დაფიქსირდა, ე.წ. „ბრიტანული“ და „სამხრეთ აფრიკული“ სახეობების მსგავსად, უფრო მეტად გადამდებია.
IPN.GE