თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევაა გამოვლინდა და სამივე ადამიანის ინფიცირების წყარო ცნობილია.
მისი თქმით, ახალი ინფიცირებულების წყარო, ე.წ „სასწრაფოს კლასტერი“ და სვანეთის წყაროა.
„გუშინ დილას ამ პერიოდისთვის გვქონდა 408 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას დაგვემატა მხოლოდ სამი. გვაქვს 411 შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყაროებიდან და სვანეთის წყარო“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში - 5015 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 573, - ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
imedinews.ge