იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო ვაჭრობის მოცულობა 15%-ით $9.159 მლრდ-მდე შემცირდა. 10 თვეში ექსპორტი 11.1%-ით $2.715 მლრდ-მდე, ხოლო იმპორტი 16.6%-ით $6.444 მლრდ-მდე შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $3.729 მლრდ - ბრუნვის 40.7% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
კორონა-კრიზისის გათვალისწინებით ექსპორტი მსხვილ სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა უმეტესობასთან შემცირდა, თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, უმთავრესად კი ჩინეთი. 10 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $270 მლნ-იტ მეტი, $419 მლნ-ის პროდუქცია გავიდა. ეს 181%-იანი ზრდაა. თუ გასული წლის იანვარ-ოქტომბერში ჩინეთის წილი ექსპორტში 4.9%-ს შეადგენდა და მე-7 ადგილს იკავებდა, წელს ის 15.4%-იანი წილით უპირობო პირველ ადგილზეა. შარშანდელმა ლიდერმა - რუსეთმა კი მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მისი წილი ექსპორტში 13.4%-დან 12.9%-მდე შემცირდა. ფულად გამოხატულებაში $409 მლნ-დან $351 მლნ-მდე.
მკვეთრი ზრდის მიზეზი ღვინო არ ყოფილა. მისი ექსპორტი პირიქით $15.4 მლნ-დან $10.8 მლნ-მდე შემცირდა. სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი კი $241 მლნ-იტ $109 მლნ-დან $350 მლნ-მდე გაიზარდა. მოცულობაში 66 ათასი ტონიდან 238 ათას ტონამდე. ნედლეულზე ფასების ვარდნის გამო 1 ტონა სპილენძის მადნის საექსპორტო ღირებულება $1,65 მლნ-დან $1.47 მლნ-მდე შემცირდა. $619 მლნ-ით სპილენძის მადნები წელს მთავარ საექპორტო პროდუქტად იქცა. ჩინეთს მასში 2/3-ზე დიდი წილი უკავია. აღნიშნული პროდუქცია $450 მლნ-ით მეორე ადგილს იკავებს იმპორტშიც. შესაბამისად მისი ექსპორტიც რეალურად რეექსპორტს წარმოადგენს.
მნიშვნელოვნად $1 მლნ-დან $33 მლნ-მდე გაზრდილია ძვირფასი ლითონების და $0.2 მლნ-დან $3.5 მლნ-მდე ალუმინის ექსპორტიც.
ექსპორტის საპირისპიროდ ჩინეთიდან იმპორტი 20%-ით $721 მლნ-დან $573 მლნ-მდე შემცირდა. ანუ თუ გასული წლის 10 თვეში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $572 მლნ-ს შეადგენდა, წელს ის $154 მლნ-მდეა შემცირებული.
საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლის 1-ლი იანვრიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მოქმედებს.
გიორგი ელიზბარაშვილი