კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „კონკურენციის ცენტრი“ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტოს არ აქვს უფლებამოსილება, რეაგირება მოახდინოს კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე ტელეკომუნიკაციის სფეროში, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომ კონკურენციის სააგენტომ შეისწავლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ წილის შეძენის საკითხი.
„კონკურენციის კანონმდებლობის მიხედვით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სექტორი (მათ შორის, ტელეკომუნიკაციის სფეროც) განეკუთვნება ეკონომიკის რეგულირებად სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა უნდა განხორციელდეს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ.
კონკურენციის სააგენტოს, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, არ გააჩნია უფლებამოსილება, დააჯარიმოს რეგულირებად ეკონომიკურ სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტები, განიხილოს კონცენტრაციები ან მოახდინოს ნებისმიერი რეაგირება კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე იმ სექტორში, რომელიც ექვემდებარება სექტორულ რეგულირებას. მსგავს შემთხვევებში, სააგენტოს როლი მხოლოდ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უწყებასთან თანამშრომლობით ამოიწურება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონკურენციის ცენტრი“ განმარტავს, რომ ანალოგიური მდგომარეობაა საბანკო სექტორში, რომლის მარეგულირებლად ითვლება ეროვნული ბანკი, ასევე ენერგეტიკულ სექტორში, რომლის მარეგულირებლად ითვლება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია.
ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კონკურენციის სააგენტოსთვის მსგავსი ფუნქციის არქონას მივიჩნევთ, როგორც კანონმდებლობის ხარვეზს, ვინაიდან ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, კონკურენციის პოლიტიკა უნდა იყოს ერთიანი და შეეხებოდეს ყველა სექტორს. მაშინ, როდესაც კანონმდებელი გამონაკლისს უშვებს ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან დარგებზე, როგორიცაა საბანკო, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკული სფერო და ის გამოდის კონკურენციის სააგენტოს რეგულირების სფეროდან, შეუძლებელია კონკურენციის პოლიტიკა განხორციელდეს ეფექტიანად და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად,“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაუგებარია, რა მიზეზით დაუშვა კანონმდებელმა გამონაკლისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროსთვის. მაშინ როდესაც კონკურენციის სააგენტოს უფლება აქვს, მაგალითად: დააჯარიმოს მცირე და საშუალო ბიზნესი ფასების ფიქსირებისთვის, მას არ აქვს არანაირი უფლება გამოიყენოს სანქცია ბანკების მიმართ, საპროცენტო განაკვეთებზე შეთანხმებისთვის.
„კონკურენციის სააგენტოსთვის კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილების მინიჭება ეკონომიკის რეგულირებად სფეროში არ გულისხმობს დარგობრივი მარეგულირებლის როლის დაკნინებას ან მათი ფუნქციების შემცირებას. მათ ეკისრებათ ex-ante რეგულირების ფუნქცია, როგორიცაა მაგალითად სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენა, შესაბამისი ლიცენზიების გაცემა და ა.შ. თუმცა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის სააგენტოს გააჩნდეს კონკურენციის კანონის აღსრულების კომპეტენცია ნებისმიერ სექტორში, მათ შორის, ეკონომის რეგულირებად სფეროებში.
ვინაიდან კონკურენციის პოლიტიკა დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასთან და ზოგადად მომხმარებელთა კეთილდღეობასთან, ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს კონკურენციის ერთიანი პოლიტიკის გატარების საკითხს ბიზნესის ყველა სფეროში,“ – აცხადებს კონკურენციის ცენტრი.
შეგახსენებთ, რომ "მაესტროს" საქმის შესწავლას კონკურენციის სააგენტოს, მაკა ასათიანის ადვოკატმა სთხოვა. "ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულმა პირმა და მისმა ფაქტობრივმა მენეჯერმა, შეიძინა 30 პროცენტი კონკურენტ ტელევიზიაში და ამას უნდა მოყვეს სამართლებრივი შეფასება სააგენტოს მიერ", - აცხადებდა ადვოკატი.
თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ განმარტა, რომ მისი უწყება მოკლებულია მსგავსი საკითხების განხილვის სამართლებრივ საფუძველს.