ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა.
ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი ბიზნესომბუდსმენის მიმართ დიდი მოლოდინი აქვთ და იმედოვნებენ, რომ მიხეილ დაუშვილი მინიმუმ იმ ხაზს მაინც გააგრძელებს რაც მის წინამორბედს, ირაკლი ლექვინაძეს ჰქონდა.
„მე არ ვიცნობ მიხეილ დაუშვილს და გამიჭირდება რაიმეს თქმა, თუმცა ,ვისურვებ, რომ მან მინიმუმ ირაკლი ლექვინაძის ხაზი გაეგრძელოს. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ ყველა საკითხი მასთან მაშინვე მივა, პრემიერთან ადრეც მიდიოდა რიგი საკითხები, თუმცა, იყო ბევრი თემა, რომელშიც პრემიერის ჩართვა არ იყო საჭირო და ბიზნესომბუდსმენს ჰქონდა საშუალება, რომ თვითონ გადაეწყვიტა. ეს ყველაფერი ოპერატიულად წყდებოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. იმედია ასე გაგრძელდება და მნიშვნელოვანი საკითხები ისევ პრემიერთან გადაწყდება. მიმდინარე საკითხებზე მსჯელობას ახალ ომბუდსმენთანაც გავაგრძელებთ, მაგალითად, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რეგულაციების მიმართულებით და ა.შ. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მისი ხედვა, როგორ უყურებს ამ ყველაფერს და როგორია მისი ხედვა ბიზნეს სექტორთან და ბიზნესასოციაციებთან“, - განაცხადა დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ.
ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის აზრს იზიარებს „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილიც და აღნიშნავს, რომ ახალი ბიზნესომბუდსმენის მიმართ ძალიან პოზიტიური მოლოდინები აქვს.
„ახალი ბიზნესომბუდსმენის მიმართ ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ძალიან დადებითად დაახასიათა. მას აქვს გამოცდილება ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის ბიზნესთან ურთიერთობის. ის კომუნიკაციის როლი, რაც ზოგადად უნდა შეასრულოს ბიზნესომბუდსმენმა, ეს პრემიერ-მინისტრის პირადი დავალებით დაუშვილმა უკვე მიიღო, ანუ ნებისმიერი საკითხი, რომლითაც ჩვენთან დაისმება იმავე დღესვე მის სამუშაო მაგიდასთან მოხვდება - ეს იმას ნიშნავს რომ მათი განწყობა და ჩართულობა აქტიური იქნება. როდესაც ჩვენ რაღაცა საკითხების გადაწყვეტა ფორსირებულ რეჟიმში გვიწევდა, იყო ბიუროკრატიული საკითხები და კონკრეტული პერიოდი სჭირდებოდა, ამიტომ თავიდანვე ასეთი დამოკიდებულება, ჩვენს მიმართ კარგი გზავნილია. გარდა ამისა, წინა ომბუდსმენის დროს დაწყებული საკითხების ბოლომდე მიყვანის და გადაწყვეტის იმედი გვაქვს“, - განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი ბიზნესომბუდსმენის აპარატის არსებობაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. მისი მოსაზრებით ეკონომიკის და ბიზნესისთვის გამსაზღვრელი ფაქტორი ეს არ არის.
„კარგია, რომ არსებობს ბიზნესომბუდსმენი, უკეთესი იქნება თუ უფრო ქმედითი გახდება, თუმცა ეკონომიკის და ბიზნესისთვის გამსაზღვრელი ფაქტორი ეს არ არის. იმ პრობლემებს რაც ბიზნესს აქვს, ბიზნესომბუდსმენი მაინც ვერ უშველის, განსაკუთრებით ბიუროკრატიის და შენელებული ტემპის კუთხით.
ზოგადად აუცილებელია, რომ ბიზნესომბუდსმენს უფრო აქტიური კონტაქტი ჰქონდეს პრემიერ-მინისტრთან. მართალია, ახალი ბიზნესომბუდსმენი შსს-ში მუშაობდა, მაგრამ მაინცადამაინც მენეჯმენტის და ფინანსების ცოდნა არ არის აუცილებელი მისთვის, მას გონიერება უფრო მოეთხოვება. ბიზნესომბუდსმენის აპარატთან რამდენჯერმე მქონდა შეხება, ვერ გეტყვით რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგები დადეს, თუმცა ფაქტია რომ მოინდომეს. ყოველთვის ვცდილობთ, რომ არსებული პრობლემები ჩვენი ძალებით გადავლახოთ“, - ამბობს ირაკლი იაშვილი.
ბიზნესომბუდსმენის არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანიც.
„არ ვიცი ვინ არის მიხეილ დაუშვილი და პრინციპში არც წინა ომბუდსმენს ვიცნობდი, ის მერიაში მაინც მუშაობდა და ვიცოდი ვინც იყო, ეს კი საერთოდ არ ვიცი რას წარმოადგენს. ვნახოთ, რა აზროვნება ექნება და რას გააკეთებს. საერთოდ არანაირი საკითხის გადაჭრა არ დამჭირვებია ბიზნესომბუდსმენის მხრიდან და არც მომავალში ვაპირებ, ეს ინსტიტუცია ჩემთვის არაფერს ნიშნავს“, - აცხადებს ირაკლი გურჩიანი.
ბიზნესომბუდსმენობამდე მიხეილ დაუშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე იყო ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
ნინო თამაზაშვილი