შემოწმებული ობიექტების 43% თანამშრომელთა სამუშაო საათებს არ აღრიცხავს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ შრომის ინსპექციის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა. კერძოდ, შრომის ინსპექციაში განაცხადეს, რომ 1-ლი იანვრიდან მოყოლებული უწყების მიერ შემოწმებული 218 ობიექტიდან 94-ში დადგინდა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და წესის დაუცველობა.
შეგახსენებთ, რომ ახალი შრომის კოდექსის თანახმად, 1-ლი მარტიდან საქართველოში ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა დაევალა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ასრულებენ, თუ არა კომპანიები ვალდებულებას და როგორია მონიტორინგის შედეგები.
შეგახსენებთ, შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კომპანიებმა საკუთარი თანამშრომლების სამუშაო დრო ყოველთვიურად უნდა აღრიცხონ და დასაქმებულს გადაუგზავნონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. შესაბამისი დოკუმენტი ჯანდაცვის მინისტრმა 12 თებერვალს დაამტკიცა.